უკრაინა ევროკავშირის როუმინგ ზონას შეუერთდება

უკრაინა ევროკავშირის როუმინგ ზონას შეუერთდება. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა, რასაც უკრაინული „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინას ევროპის როუმინგის თავისუფალ ზონაში შევიყვანთ. დროა, ეს გავაკეთოთ!" - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს 5 სექტემბრის სხდომის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, შეისწავლოს გრძელვადიანი შეთანხმების შესაძლებლობა ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა ჯერ კიდევ 24 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგ სივრცესთან შეერთებას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავდა.

მანამდე, აპრილში, ევროკავშირისა და უკრაინის მობილურმა ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელმისაწვდომი ან თუნდაც უფასო როუმინგის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებდნენ. მაშინ ევროკომისიის წარმომადგენელი, კატარინა მატერნოვა აცხადებდა, რომ ეს შეთნხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ერთიან როუმინგზე მომავალ ხელშეკრულებას ჩაუყრიდა საფუძველს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ