თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით იზრდება

მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, თავდაცვის სამინისტროს 80 მილიონი ლარი ემატება.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 80.0 მლნ ლარით იზრდება და 1 082,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

როგორც მთავრობა განმარტავს, ზრდა ძირითადად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებლად დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტს ყველა საპარლამენტო კომიტეტი და ფრაქცია განიხილავს.

საკომიტეტო განხილვების პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 28 სექტემბერს გამართავს, ხოლო ცვლილებები დასამტკიცებლად 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გავა.