"სილქნეტმა" რუსულ "მეგაფონთან" თანამშრომლობა დაიწყო

2009 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია "მეგაფონი" ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალური საქმიანობისთვის 1 მილიონი ლარით დააჯარიმა

კომპანია "სილქნეტმა" რუსულ "მეგაფონთან" თანამშრომლობა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, თანამშრომლობა სატრანზიტოა. რუსული "მეგაფონი" ოფიციალური თბილისის ტერიტორიაზე არც მაგისტრალის მშენებლობას და არც საკომუნიკაციო მომსახურებას ეწევა. მაგისტრალის მშენებლობას და საკომუნიკაციო მომსახურებას საქართველოში კომპანია "სილქნეტი" აწარმოებს.

როგორც კომპანია სილქნეტში bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, საქართველოში ინტერნეტის ადგილზე გენერირება შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა ინტერნეტის სხვა ქვეყნებიდან წამოღება. "მსოფლიოში რამდენიმე წერტილია, სადაც ინტერნეტის გენერირება ხდება. საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყანას, სადაც შესაძლებელია, რომ ინტერნეტის ადგილზე გენერირება მოხდეს. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა წამოვიღოთ", - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია "სილქნეტმა" ზემო ლარსი-ყაზბეგის მარშრუტზე მის საკუთრებაში არსებული სპილენძის ხაზის მოდერნიზაცია დაასრულა და ის ოპტიკური არხით ჩაანაცვლა. მოდერნიზაციის შედეგად, მაგისტრალური ხაზის გამტარუნარიანობა 100 გბ-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება ინტერნეტ-ტრანზიტისთვის. ზემო ლარსი-ყაზბეგის მაგისტრალური ხაზის დანიშნულება რუსეთს, ევროპასა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველა ტიპის სატელეკომუნიკაციო ტრაფიკის გატარებაა.

სატრანზიტო ხაზის გარდა, ზემო ლარსი-ყაზბეგის მაგისტრალი ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობასაც აჩენს. "სილქნეტის" განცხადებით, ეს პროექტი ქართველ ოპერატორებს სწრაფი წვდომის საშუალებას როგორც რუსეთის ინტერნეტ-რესურსებთან, ასევე ევროპის ოპერატორებთან და კონტენტ-პროვაიდერებთან აძლევს. სილქნეტს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა აქვს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რეგიონის სხვა ქვეყნების წამყვან სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ "მეგაფონს" ქართული მხარის მიერ ერთი მილიონი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. კერძოდ, 2009 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია "მეგაფონი" 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. სანქცია ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალურმა საქმიანობამ გამოიწვია. "სილქნეტში" აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მათ თანამშრომლობას ხელს არ უშლის. "ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში რუსული ოპერატორი არც ერთი სანტიმეტრით არ გადმოსულა საქართველოს ტერიტორიაზე. მაგისტრალის მშენებლობას და საკომუნიკაციო მომსახურებას საქართველოში კომპანია სილქნეტი აწარმოებს", - ნათქვამია "სელქნეტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.