ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი რუსეთის ბაზარზე უკვე განხორციელდა

ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი რუსეთის ბაზარზე უკვე განხორციელდა ქართული ალკოჰოლური სასმელების პირველი პარტია რუსეთში უკვე გაიგზავნა.როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე გაიგზავნა კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული 20 000 ბოთლი კონიაკი და მას საქართველოს საბაჟოს პროცედურები უკვე გავლილი აქვს. ამასთან, დავითაშვილი აღნიშნავს, რომ სერტიფიკატი გადაცემული აქვს "დუგლაძის ღვინის კომპანიასაც", რომლის მიერ წარმოებული ღვინო უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

"ამ კვირას, პირველად, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიცა პირველი საექსპორტო სერტიფიკატები და დოკუმენტაცია ქართულ ღვინოსა და ალკოჰოლურ პროდუქტებზე, ეს არის ძალიან აღსანიშნავი ფაქტი. ფაქტობრივად ემბარგო ალკოჰოლურ სასმელებზე და მინერალურ წყლებზე დასრულდა და ამ კვირის განმავლობაში ქართული კონიაკისა და ღვინის პირველი პარტია გაიგზავნება რუსეთში. კერძოდ, საქართველოს საბაჟოს პროცედურები უკვე გავლილი აქვს კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებულ 20 000 ბოთლ კონიაკს და ასევე სერტიფიკატი გადაცემული აქვს "დუგლაძის ღვინის კომპანიას", რომლის წარმოებული ღვინოც უახლოეს დღეებში გაიგზავნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტი გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ მილიონი ბოთლი ღვინის აქციზური მარკა უკვე შეკვეთილია. ამასთან, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, ტრანსპორტირებას რამდენიმე დღე სჭირდება, ასევე რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს პროდუქტის ლოჯისტიკას, განბაჟებას, დასაწყობებას და დახლზე განთავსებას.

"აქედან გამომდინარე მე ვვარაუდობ, რომ ორი კვირის მანძილზე ქართული ალკოჰოლური სასმელები გამოჩნდება რუსულ დახლზე", - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული ალკოჰოლური სასმელები გაიყიდება საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში და მისი ღირებულება დაახლოებით 300-400 რუბლი იქნება. ამასთან, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, სერტიფიკატის მისაღებად რიგში კიდევ 65-მდე კომპანია დგას.