"საქართველოს რკინიგზა" - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი შეჩერებული არ არის

"საქართველოს რკინიგზა" თბილისის შემოვლითი რკინგიზის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი შეჩერებული არ არის.

"საქართველოს რკინიგზა" თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს ახორციელებს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ინჟინერ კონსულტანტთა სერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად, 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული #GR-003 ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა" და სს "ხიდმშენის" ერთობლივი საწარმო.

სს "საქართველოს რკინიგზასთან" 2010 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, FIDIC Yellow Book-ის წესების შესაბამისად, #GR-003 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ILF Beratende Ingenieure ZT Gmbh (Leader) consortium with GRE-Gauf Rail Engineering Gmbh &Co. KG.

როგორც უკვე არაერთგზის გაცხადდა, მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად კონტრაქტორი ვალდებული იყო სამშენებლო სამუშოები დაესრულებინა 2013 წლის 8 ივლისამდე, რომელი პირობაც დარღვეულ იქნა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პროექტის წლის ბოლომდე დასრულების შესაძლებლობის შესახებ, აღნიშნულ არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან პროექტის ზედამხედველ ინჟინერ-კონსულტანტთა მიერ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისიდან უკვე ნაწინასწარმეტყველები იყო პროექტის ჩამორჩენა 6 თვით, რომელმაც უკვე 2012 წლის ბოლოსკენ შეადგინა 18 თვე.

საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, პროექტს წინ უნდა უსწრებდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ვინაიდან თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაწყებამდე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა არ ჩატარებულა, სს "საქართველოს რკინიგზამ" მიიღო გადაწყვეტილება კომპანია MC Mobility Consultants GmbH-სგან შეესყიდა მსგავსი სახის კვლევა, რომელიც იყო პირველი მცდელობა მომხდარიყო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

MC Mobility Consultants GmbH-ის მიერ მომზადებული კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი უარყოფითი ფაქტორები: მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით; ჯამური დანახარჯები როგორც საოპერაციო ისე მოვლაშენახვასთან დაკავშირებული იზრდება 57%; მთლიანი ხარჯი მომდევნო 11 წლის განმავლობაში 126 მლნ. დოლარიდან გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე; ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასლვლელი ლიანდაგები(სადგური დიდუბე, სადგური თბილისი საკვანძო) ჯამურად 22კმ; სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით; აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით.

გარდა ზემოაღნიშნულისა კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება 12.2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით); მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35 %-ით; ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით; ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით.

გარდა ზემოხსენებულისა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია MC Mobility-ს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროექტის დასასრულებლად აუცილებელი იქნება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე არსებული სახელმძღვანელო ქანობის, არსებული სალოკომოტივო პარკისა და დადგენილი ნორმა-წონების გათვალისწინებით საჭიროა განხორციელდეს სადგურ მცხეთაში დამატებითი ინვესტიციები, კერძოდ უნდა გაიზარდოს მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგების რაოდენობა შესაბამისი მანევრების განსახორციელებლად. "საქართველოს რკინიგზასა" და თბილისის მერიას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, რკინიგზის შემოვლითი პროექტის დასრულებისთანავე გათვალისწინებული იყო ჯამურად გამოთავისუფლებული 84 ჰა მიწიდან 10 ჰა მიწის უსასყიდლოდ თბილისის მერიისათვის გადაცემა.

სს "საქართველოს რკინიგზამ" თბილისის შემოვლითი რკინიგზის დამამთავრებელ ეტაპზე აუდიტორულ კომპანია Ernst and Young-ს დაუკვეთა პროექტის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის საბაზრო ღირებულების დადგენა, რომელმაც შეადგინა მხოლოდ 30 მილიონ აშშ დოლარი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროექტის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულებასთან.

განვმარტავთ, რომ პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 213 მილიონი აშშ დოლარი. აქედან, დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს პროექტის მიზნებისთვის შესყიდული სამშენებლო მასალების ღირებულება, რომელიც შეიძლება ათვისებულ იქნას სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის დროსაც. პროექტის დასასრულებლად დარჩენილია დაახლოებით (მოსალოდნელი საჭირო დამატებითი ინვესტიციების გარეშე) 137 მილიონი აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გვსურს განვმარტოთ, რომ ინფორმაცია თითქოს პროექტის 80%-ია შესრულებული, არ შეესაბამება სიმართლეს.

პროექტ "თბილისის შემოვლით რკინიგზაზე" მრავლად არის ეკოლოგიურად სენსიტიური ადგილები, კერძოდ: კვირიკობის ხეობა პკ-141 და სადგური კვირიკე; გლდანის ტბა; ხევძმარის ხეობა; ავჭალის დასახლება; ავჭალის დეპო;

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებელთა სრულყოფილი ოპერირებისათვის საჭიროა მშენებლობის შედეგად გამოვლენილ ეკოლოგიურ რისკებზე დამატებითი კვლევების ჩატარება მათი შემდგომი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

გვსურს ავღნიშნოთ, რომ ინფორმაცია, თითქოს, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი შეჩერებულია არ შეესაბამება სინამდვილეს. კონტრაქტორ მხარეს გააჩნდა სრული შესაძლებლობა 2013 წლის 8 ივლისამდე განეხროციელებინა ნაკისრი ვალდებულებები.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება "თბილისის შემოვლითი რკინიგზის" პროექტთან დაკავშირებით მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ევროპისა რეკონსტრუქციიას და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსების შესახებ. სს "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ პროექტი სრულად ფინანსდება მხოლოდ სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ მოზიდული სესხის მეშვეობით და მასში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არ მონაწილეობენ", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.