შემოვლითი რკინიგზის პროექტის დამუშავება 2016 წლამდე გაგრძელდება

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დამუშავება 2016 წლამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კონტრაქტორთან შეთანხმების საფუძველზე პროექტი იმ ეკონომიკური მაჩვენებლებს გაითვალისწინებს, რომლებიც ”საქართველოს რკინიგზისთვის” მისაღები იქნება.

"აქ არის სხვა, მათ შორის, ეკოლოგიური საკითხებიც მოსაგვარებელი. თავის დროზე პროექტის შეჩერება გადაწყდა, რადგან არის შესაძლებლობა, მივიღოთ პროექტის ის მოდიფიკაცია, რომელსაც რკინიგზის გამტარუნარიანობასა და დანახარჯებზე არ ექნება ისეთი მეგატიური ზეგავლენა, როგორიც მოქმედს ჰქონდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა პროექტის მოდიფიცირების ხარჯებს ითვლის.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორისთვის ხელშეკრულების სამი წლით გაგრძელებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღეს მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ”საქართველოს რკინიგზამ” საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები და აღმოაჩინა რომ უარესდება როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). გარდა ამისა, პროექტის არსებული ვარიანტი იწვევს მაღალბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც ხარჯებში გათვალისწინებული არ არის.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კონტრაქტორმა (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ) ვერ დაიცვა მშენებლობის შესრულების ვადები (მას სამუშაოები 2013 წლის 8 ივნისს დაესრულებინა), შესაბამისად, 18-თვიანი ჩამორჩენა აქვს.

”ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები”, - აცხადებენ პრემიერის პრეს-სამსახურში.

მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.