"ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა"
შპს "ემ-ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ყოფილი თუ ამჟამინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
ვახტანგ გოძიაშვილი, ბიზნესმენი: - ჩვენს ბიზნესორგანიზაციას ამერიკული კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" შვილობილი ქართული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზისთვის" მომსახურება უნდა გაეწია. ექსკლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ და მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება-მიწოდების ვალდებულება ავიღეთ. თუმცა, ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირები ჩვენს საქმიანობაში უხეშად ჩაერივნენ და ჩვენი კომპანია გაჩერდა. გაიძახიან, ბიზნესი ხელშეუხებელიაო, სინამდვილეში კი ასე არ არის.ბევრი მიზეზი დასახელდა, თუ რატომ მებრძვიან. ჯერ ითქვა, თითქოს სააკაშვილის მეგობარი ვარ და ის ჩემი შვილის ნათლიაა. რაც ტყუილია. 2003 წლიდან სააკაშვილთან კავშირი არ მქონია.
- ადრე რა ურთიერთობა გქონდათ?
- ვიცნობდი არა მარტო სააკაშვილს, ასლან აბაშიძესაც და ედუარდ შევარდნაძესაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ცნობილი მოვლენები, როცა კახა თარგამაძე ჩამოშორდა ხელისუფლებას, ჩემი ინიცირებული იყო. საკრებულოს წევრი 2006 წლამდე ვიყავი, მერე წავედი პოლიტიკიდან დადავიწყე ბიზნესი, მაგრამ არ მქონია სასათბურე პირობები, პირიქით, ყოველმხრივ მზღუდავდნენ. 2012 წლის ცვლილებებზე დიდ იმედს ვამყარებდი, მაგრამ მწარედ შევცდი. 2014 წლის აპრილის დასაწყისში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზისთან" და მალევე დაიწყო ჩემი შევიწროებაც. ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს ჩემი საქმით, შემიძლია კონკრეტული გვარები დავუსახელო, რა უხეშად ჩაერივნენ ბიზნესში. საჯარო განცხადებაც გავაკეთე, მაგრამ არ გამომხმაურებია. მხოლოდ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი დამპირდნენ, რომ შეისწავლიან ამ საკითხს. ვაცხადებ: ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.