„ენგური ატრაქციას“ რამდენიმე ახალი სანახაობა დაემატება - რა ღირს ტურები „ენგურჰესზე“?

2023 წელს „ენგური ატრაქციას“ 52 000 ვიზიტორი ეწვია, ჯამში კი გახსნიდან გასული წლის ჩათვლით 100 ათასამდე უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი მიიღო. როგორც კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ვიზიტორთა რაოდენობა 40%-ით გაიზრდება.

„აქამდე ვიყავით სვანეთის გზაზე მიბმული, სვანეთში ვინც მიდიოდა, ისინი გვსტუმრობდნენ, გასულ წელს ინტერესი გაჩნდა, რომ დამოუკიდებლად მოხდეს „ენგური ატრაქციის მონახულება“. შარშან 50-მდე სასკოლო ექსკურსია ჩატარდა. გვინდა, ამაზეც გავაკეთოთ აქცენტი და საბავშვო-შემეცნებითი მიმართულება განვავითაროთ“, - აღნიშნა ანთიძემ.

სეზონისთვის „ენგური ატრაქციას“ ახალი სანახაობები დაემატება. მაისისთვის გაიხსნება გვირაბი, სადაც მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც საქართველოს უძველეს მიმართულებას წარმოაჩენს, თუმცა დეტალებს „სიურპრიზად ტოვებენ“.

ახალი სეზონისთვის იხსნება სუვენირების მაღაზია, წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოში არსებული კაშხლების შესახებ მუზეუმი. ასევე, ივნისიდან ამოქმედდება კაშხლის კედელზე ცოცვის ატრაქცია უსაფრთხოების ნორმებისა და ინსტრუქტორების გათვალისწინებით.

„კეთდება გვირაბი, სადაც, მე არ მინდა წინასწარ ვთქვა, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს მიმართულებას სათანადოდ წარმოაჩენს. გვირაბი მაისისთვის გაიხსნება“, - ამბობს ანთიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლის ბოლოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვირტუალური რეალობის მუზეუმი მოეწყობა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, მოზიდვის კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და დაინტერესებაც დიდია. „ენგურჰესის“ განვითარების პროგრამით, 1.2 კმ-იანი ზიპლაინი უნდა მოეწყოს, რომლის ღირებულებაც 1.5 მლნ ლარია. ინვესტორთა დაინტერესება აქაც არის, თუმცა ყველა წინადადებას დეტალურად გადიან, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტები სრულად დაცული იყოს.

„ინტერესი არის, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდებით ინვესტორების დამოკიდებულებას. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, შპს „ენგურჰესის“ ფინანსური წყაროსა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს. „ენგურჰესის“ განვითარების სტრატეგიით, ერთ-ერთი პროექტი იყო ზიპლაინი. მისი ღირებულება 1.5 მლნ ლარია, ეს აუცილებლად უნდა იყოს კერძო სექტორზე. ინვესტორები ინტერესდებიან, რომ ზიპლაინი მოაწყონ“, - აღნიშნა მან.

ამჟამად, სტუმრებს „ენგური ატრაქციაზე“ შემდეგი სანახაობები დახვდებათ: საინფორმაციო ბანერები; „ენგურჰესთან“ დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ფილმი; მისი მუშაობის შესახებ მულტიპლიკაცია; ქეთი მელქაძის სამხატვრო გალერია; გვირაბებსა და კაშხალზე დამონტაჟებული ინსტალაციები, მაკეტები და ვიდეორგოლები; და სივრცე, სადაც მნახველები შთაბეჭდილებებს ვიდეოჩანაწერით აზიარებენ.

„ენგური ატრაქციაზე“ ტურების ღირებულება ასე გამოიყურება:

  • საფეხმავლო ტური 6 ლარი - მოიცავს კაშხლიდან გადახედვას, კინოთეატრისა და სამხატვრო გალერეის მონახულებას;
  • მოკლე ტური 15 ლარი - კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა, გიდის და ავტომობილის მომსახურებით კაშხალზე გადასვლა და ახალი ისტორიული გალერეის მონახულება;
  • გრძელი ტური 30 ლარი - მოიცავს „ენგური ატრაქციის“ ყველა სანახაობის მონახულებას გიდის და ავტობუსის მომსახურებით.
მერი ტაბატაძე