გაიზრდება თუ არა ევრო-2024-ის საგზურის მოპოვების შემდეგ ნაკრების ფეხბურთელების ფასი

საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ის ჩემპიონატზე თამაშისთვის უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. როგორც FA Players Agents-ის FIFAS ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი მალხაზ მუსერიძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, თანხა გადაეცემა ფედერაციას, საიდანაც ნაწილს პრემიის სახით ნაკრების ფეხბურთელები მიიღებენ.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება ევრო-2024-ის ჩემპიონატზე საგზურის მოპოვების შემდეგ, ექსპერტი განმარტავს, რომ აღნიშნული მყისიერად არ მოხდება. ფეხბურთელებზე ფასის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს ნაკრები ევრო-2024-ის ჩემპიონატზე და რა შედეგი ექნება თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად და გუნდურად.

„საქართველოს ფედერაციას ამ გამარჯვების ნიშნად უეფასგან მიიღებს ჯილდოს, იქიდან ნაწილი ფეხბურთელებს პრემიების სახით გადაეცემათ, შესაბამისად, ეს კაპიტალიზაციაზე აისახება. მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით, გაიზრდება თუ არა ამ მოგებით მათი ფასი, ერთმხრივად ეს ეგრევე არ ხდება. წინ არის ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ გუნდის გამოსვლას და შედეგს. შესაბამისად, ინდივიდუალური და ჯგუფური მაჩვენებელი გაზრდის ამა თუ იმ ფეხბურთელის ღირებულებას. შეიძლება ზოგი მათგანის ღირებულება გაიზარდოს რამდენიმე ერთეულით, ზოგის კი ასტრონომიულადაც გაიზარდოს. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის ფასი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქვეჯგუფის თამაშებზე, შესაძლოა მათი ფასი გაიზარდოს. მაქვს ამის მოლოდინი, რომ არამარტო მათი, არამედ ქართული ფეხბურთის ღირებულება გაიზრდება მსოფლიო საფეხბურთო ბაზარზე, მაგრამ ამას სჭირდება ხელშეწყობა პირველ რიგში ქვეყნის შიგნით. ამას სჭირდება ბიზნესმენების მასობრივი მხარდაჭერა“, - აღნიშნა მალხაზ მუსერიძემ.

მერი ტაბატაძე