„დღეში 70-80 პაკეტი იყიდება“ - რა ღირს 18 ივნისს დაგეგმილი მატჩისთვის გერმანიაში ფრენა და სასტუმროში განთავსება

26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, მოქალაქეები ევრო-24-ზე დასასწრებ ტურისტულ პაკეტებს აქტიურად ყიდულობენ.

პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივნისს გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „ნითა თრეველის“ დამფუძნებელი ნათია ნოზაძე აცხადებს, გერმანიის მიმართულებით ტურისტული პაკეტებზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულზეა. მისი თქმით, დღეში დაახლოებით 70-80 ტურისტული პაკეტი იყიდება.

„26 მარტიდან ძალიან ბევრი წერილი და ზარი შემოდის, დავიწყეთ პაკეტების გაყიდვა ბილეთების გარეშე. ბილეთის ფასებთან დაკავშირებით საკითხზე ვმუშაობთ. ძალიან აქტიურად იყიდება ტურისტული პაკეტები. დღეში, ალბათ, 70-80 პაკეტამდე იყიდება. მოთხოვნა უფრო დიდია, სურვილიც აქვთ, მაგრამ ფასებიდან გამომდინარე ყველას არ შეუძლია პაკეტების შეძენა“, - განაცხადა ნათია ნოზაძემ.

რაც შეეხება ფასს, როგორც „ნითა თრეველის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ტურისტული პაკეტის ფასი ბილეთის გარეშე 1 800-ლარიდან იწყება. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ავიაკომპანიით სურს მგზავრს სარგებლობა.

„17-20 ივნისი თბილისიდან ფრენა, სასტუმროში განთავსება 1800 ლარიდან, ფასი მოცემულია დღევანდელი დღის მოცემულობით და მზარდია. ეს ფასი არის თამაშზე დასასწრები ბილეთის გარეშე. განსხვავდება ფასი იმის მიხედვით, თუ რომელი ავიახაზებით გაემგზავრება, როგორი კატეგორიის სასტუმროში გაჩერდება და ა.შ.“, - აღნიშნა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო თურქეთის წინააღმდეგ თამაშს 18 ივნისს გამართავს, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას - 26 ივნისს.

მერი ტაბატაძე