„ბოლო პერიოდში შაურმების ბუმია“ - „ყველაზე ცუდი ლამაზი ვიტრინის უკან ხდება“

„მაღალი რისკის მატარებელია ყველა ქუჩის ობიექტი, სადაც სურსათი მზადდება და მომხმარებელს მიეწოდება“,- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ექსპორტმა ირაკლი არაბულმა რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს და დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული ის პროდუქტი, რომელსაც სწრაფი კვების ობიექტებიდან ვიღებთ.

როგორც სურსათის უვნებლობის ექსპერტმა აღნიშნა, ხშირად ობიექტები ყველაზე მინიმალურ, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

„მაღალი რისკის მატარებელია ყველა ქუჩის ობიექტი, სადაც სურსათი მზადდება და მომხმარებელს მიეწოდება. მაღალი რისკია, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს და დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული ის პროდუქტი, რომელსაც ქუჩაში ვიღებთ. ამისთვის საჭიროა, რომ იყოს ძალიან დიდი კონტროლი, როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე მომხმარებლის მხრიდან. თუმცა, არცერთ სახელმწიფოს მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ობიექტი ხშირად აკონტროლოს. ძალიან ბევრი ბიზნეს ოპერატორია და ყოველდღიურად იმატებს მათი რაოდენობა. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში შაურმების ბუმია. ყველა ფეხის ნაბიჯზე ახალი დასახელების ბრენდი იხსნება. თუ ადრე იყო რამდენიმე ფირმა, დღეს არის ათეულობით, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მათი შემოწმება ხშირად ხდებოდეს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამიდან და რისკის შეფასების საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო მაინც ახორციელებს მათ კონტროლს“, -განაცხადა ირაკლი არაბულმა.

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა, ყურადღება გაამახვილა თავად მომხმარებლების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ თვალით ხილული დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა მიუთითონ ობიექტის წარმომადგენლებს და დარეკონ სურსათის უვნებლობის სამსახურში.

„პირველ რიგში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ვიზუალური მხარე. იმის შიგნით რა ხდება, ფიზიკურად ვერ დავინახავთ და სინამდვილეში, ყველაზე ცუდი ლამაზი ვიტრინის უკან ხდება. იმიტომ, რომ ის მხარე, რომელსაც მომხმარებელი ხედავს, თითქმის, ყველა ობიექტს მოწესრიგებული აქვს, მაგრამ იქ, უკან, სადაც მზადდება ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი რამ ხდება. ჩვენ ხშირად გვინახავს, ინტერნეტში, რა ხდება კარს მიღმა, არ არის დაცული ყველაზე ელემენტარულიც კი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თვითონ პერსონალის მიერ. აღარ ვსაუბრობ, მაღალ სტანდარტებზე. ყველაზე მინიმალური რაც არის, რომ პერსონალი იყოს ჰიგიენურად ჩაცმული, თავის ფორმა ჰქონდეს, არ უნდა ხდებოდეს ადგილზე თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება და ა.შ ყველაზე ხშირად ირღვევა“,- განაცხადა ირაკლი არაბულმა.

ნინი ქეთელაური