„ნაპოლიმ“ შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუსამმაგოს - Forbes

La Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში გახანგრძლივდეს.

Forbes-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელია „ნაპოლთან“ ახალ კონტრაქტს დადებს, მისი ანაზღაურება შესაძლოა, გასამმაგდეს.

„ვიქტორ ოსიმენი უახლოეს რამდენიმე თვეში აუცილებლად აპირებს კლუბის დატოვებას. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა იცის, რომ მას არ შეუძლია დაუშვას, იმავე სატრანსფერო ფანჯარაში მისი კიდევ ერთი ძვირფასი აქტივის დაკარგვა, ამიტომ, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“, - აღნიშნულია Forbes-ის სტატიაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განმავლობაში 1.6 მლნ დოლარს იღებს. კონტრაქტის გადახედვის და გახანგრძლივების შემთხვევაში, მისმა ანაზღაურებამ შესაძლოა, 4.8 მლნ დოლარი შეადგინოს.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მაგრამ სავარაუდოა, რომ გარიგებას კიდევ ერთი ან ორი წელი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული პორტალის, "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კვარაცხელიას საორიენტაციო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

მერი ტაბატაძე