არის თუ არა სააღდგომოდ ისრაელის ტურებზე მოთხოვნა და როგორია ღირებულება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომლოცველები ყოველწლიურად ჩადიან. 2024 წელი განსხვავებული იქნება, რადგან ისრაელში საომარი მოქმედებები კვლავაც მიმდინარეობს.

სიტუაციას ამძიმებს ირანის მხრიდან შეტევების საფრთხე. საერთაშორისო გაფრთხილების მიუხედავად, ირანმა 14 აპრილს გვიან ღამიდან 15 აპრილის გამთენიამდე უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელზე იერიში მიიტანა, თუმცა ისრაელმა დრონების უდიდესი ნაწილის განეიტრალება შეძლო.

რამდენიმე საათით ისრაელსა და მეზობელ ქვეყნებში დაიხურა საჰაერო სივრცე, თუმცა ირანის თავდასხმის დასრულების შემდეგ, კვლავ გაიხსნა.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, როგორი განწყობებია საქართველოში და გაიზარდა, თუ არა მოთხოვნა სააღდგომოდ ისრაელის მიმართულებაზე.

სააღდგომოდ ისრაელის მიმართულებით კომპანია Oktravel-ში ტურებზე მოთხოვნა ფიქსირდება. ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამყვანი ტურიზმი ძირითადად ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობს მოქალაქეებს. როგორც ტურისტული კომპანიები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, ისრაელში უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, იქ ჩასული მოქალაქეები მესაზღვრესთან გასაუბრებას გადიან.

„გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე მათთან ისრაელის ტურებზე მოთხოვნა არ ყოფილა. თუმცა ყველას, ვინც დაინტერესდება ამ მიმართულებით, მიაწვდიან ინფორმაციას იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ისრაელში არსებობს.

„არ მეგულება ჭკუათმყოფელი ადამიანი, ისრაელში ვინც წავა იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ირანმა დაარტყას ისრაელს. თუ ვინმეს ძალიან ექსტრემალური ტურები უყვარს, შეუძლია წავიდეს, მაგრამ მე ვერავის ვერ ვურჩევდი. ისრაელზე არის ხოლმე საპატრიარქოს ტურები, რომელსაც სააღდგომოდ თავად გეგმავენ“, - განაცხადა კელაურაძემ.

რაც შეეხება ფასებს, ისრაელში ინდივიდუალური ტურების ფასი 1000-ლარიდან 2500-ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ისრაელის მიმართულებით გვაქვს ინდივიდუალური ტურები, მოთხოვნაც არის ამ ეტაპზე. 1000-ლარიდან 2500 ლარამდე. ფასში შედის ორმხრივი ფრენა, დაზღვევა, სასტუმრო და ტრანსფერი“, - განგვიცხადეს OK travel-ში.

ამასთანავე, „ბიზნესპრესნიუსმა“ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესახებ. უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ისრაელში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და ელოდებიან, რომ ისრაელი სააღდგომოდ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით განაცხადებს.

მერი ტაბატაძე