აზერბაიჯანული გაზის ნახევარზე მეტი ისევ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით ტრანსპორტირდება

პირველ კვარტალში (იანვარ-მარტში) აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გაზის მთლიანი ტრანსპორტირების 50,1% სამხრეთკავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით განხორცილედა. მონაცემებს აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი ავრცელებს.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 5,582 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ტრანსპორტირებული.

მთლიანობაში, იანვარ-მარტში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 11,133 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტვირთა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე. 1,25%-ით მეტია.

ცნობისთვის: გასულ წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრასპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 54,8% გადაიქაჩა. კერძოდ, 2023 წელს აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული 39,806.9 მლრდ კუბურ მეტრ მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით 21,800.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ექსპორტირებული, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 4,7%-ით მეტია.

საქართველოში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი სწორედ სამხრეთკავკასიური, იგივე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით ხდება. მას „შაჰდენიზის გაზსადენსაც“ უწოდებენ, რადგან ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან იწყება. გაზსადენში პირველი საცდელი ბუნებრივი აირი 2006 წლის 21 მაისს სანგაჩალის ტერმინალიდან ჩაიტვირთა. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.

გაზსადენი ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით 2004-2006 წლებში იმავე კორიდორში აშენდა, სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს. მისი სიგრძე 970 კმ-ია, საიდანაც 442 კმ აზერბაიჯანის, 248 კმ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 280 კმ ქართულ-თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის.

გაზსადენის ძირითადი დამფინანსებლები „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) და ნორვეგიული Equinor-ია (ყოფილი Statoil). კონსორციუმის მეწილეები არიან: BP (გაერთიანებული სამეფო) 25,50%, Equinor (ნორვეგია) 25,50%, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) 10,00%, LukAgip (რუსეთი/იტალია) 10,00%, TotalFinaElf (საფრანგეთი) 10,00%, Oil Industries Engineering and Construction (OIEC) (ირანი) 10,00%, Turkiye Petrolleri Anonim Ortakligi (TPAO) (თურქეთი) 9,00%. გაზსადენის ტექნიკური ოპერატორი BP, ხოლო კომერციული ოპერატორი Equinor-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ