პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა დაიწყო.

პროექტების წარდგენის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა და პარლამენტი კენჭისყრით გადაწყვეტს, თუ რომელ პროექტს ირჩევს განსახილველად.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება". ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიცირებული. “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

„გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.