"ფონდი „ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან - კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?"

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესდა, ფონდი “ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება თუ არა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ქვეშ.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფონდი “ქართუ“ არაკომერციული იურიდიული პირია და მისი ძირითადი შემოსავალი არის უცხოეთიდან.

ამასთან, დეკანოიძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით, არის თუ არა მზად “ქართული ოცნება“ კანონის მიღების სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე თქვას უარი.

მისი თქმით, საკითხი ასე უკვე დადგა, რადგან ინიცირებულ კანონპროექტს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აკრიტიკებს.

“კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი? ფონდი არის არაკომერციული სუბიექტი, “ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან - არ ვიცი, ეს ოფშორია თუ რა არის... ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან არ არის. კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?“, - მიმართა კითხვით დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნებაა". ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.