დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ორზოლიანი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება ერთმანეთს

დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ორზოლიანი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება ერთმანეთს, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის მერია მუშაობს.

„იგეგმება ორზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც დადიანის ქუჩასა (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან) და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან დააკავშირებს.

კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება აქტიური კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენლებთან,“- განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" მერიაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტზე ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა მერის მაშინდელი მოადგილე მაია ბითაძე. მაშინ მერიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის საავტომობილო ხიდით დაკავშირება თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. ამასთან, ამ ხიდის აშენების შემდეგ, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება.

თაია არდოტელი