კაკაოს მარცვლის ფასმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

ICE Futures-ის მონაცემებით, კაკაოს მარცვლის ფიუჩერსების ღირებულებამ ტონაზე 11,000 დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ახალ მაქსიმუმს მიაღწია.

კერძოდ, 16 აპრილის ვაჭრობისას თბილისის დროით 13:47 საათისთვის ფიუჩერსების ფასი ტონაზე 11,068 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 17:00 საათისთვის 10,671 დოლარამდე დაეცა.

კაკაოს მარცვლის ფიუჩერსების ღირებულებამ ტონაზე 10,000 დოლარს პირველად 27 მარტს გადააჭარბა. მაშინ Bloomberg წერდა, რომ ბაზარი ზეწოლას განიციდის დასავლეთ აფრიკის მთავარ ქვეყნებში უამინდობის გამო, რამაც წლიური მიწოდება დეფიციტის წინაშე დააყენა. ამასთან, ინდუსტრია კაკაოს ფერმერების დაბალი შემოსავლის გავლენასაც განიცდის.

კაკაოს მარცვლის შესაძლო დეფიციტის გამო ზეწოლა იზრდება ფინანსურ ბაზარზეც, რადგან მოვაჭრეები ფიუჩერსებს ფიზიკური მარაგის დასაზღვევად ყიდიან.

მანამდე, 21 თებერვალს Bloomberg-ი წერდა, რომ განამ კონტრაბანდისა და არახელსაყრელი ამინდის გამო მიმდინარე სეზონზე კაკაოს წარმოების პროგნოზი 24%-ით შეამცირა. სააგენტოს პროგნოზით, ქვეყანაში წარმოება შესაძლოა, 14-წლიან მინიმუმამდე დაეცეს. განას კაკაოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ბოაჰენ აიდო აცხადებს, რომ 2023-24 წლების სეზონზე, რომელიც სექტემბერში დასრულდება, 650,000-700,000 ტონა მარცვლის წარმოება არის მოსალოდნელი, მაშინ, როცა წინა პროგნოზირებული მოსავალი 850,000 ტონას შეადგენდა.

კაკაოს საბირჟო ფასებმა 46 წლის მაქსიმუმს ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწია. მაშინ ნიუ-იორკში კაკაოს ფიუჩერსები 1977 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასში იყიდებოდა, რაც ტონაზე 4,200 დოლარს აღემატებოდა. ამ ფასად, Bloomberg-ის გამოთვლით, დაახლოებით, 50 ბარელი ნავთობის ყიდვა იყო შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ