პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში - საბერძნეთი შარშანდელი ხანძრის გამო წელს ტურისტებს უფასოდ დაასვენებს

საბერძნეთის მთავრობა უცხოელ ტურისტებს, რომლებიც გასულ ზაფხულს მასშტაბური ტყის ხანძრების გამო იძლებული გახდნენ, კუნძული დაეტოვებინათ, წელს უფასო დასვენებას სთავაზობს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

25,000-მდე დაზარალებული დამსვენებლისთვის, რომელთა შორის უმეტესობა ბრიტანელია, კომპენსაციები უკვე გაიცემა. ტურიზმის ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია.

ცნობისთვის: 2023 წლის ზაფხულში, ტურისტული სეზონის პიკის დროს ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა საბერძნეთის კუნძული, როდოსი მოიცვა. ხელისუფლებამ კუნძულის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია გამოაცხადა, რის გამოც ბევრი ტურისტი იძულებული გახდა, შვებულება შეეწყვიტა.

პროგრამის ფარგლებში, როდოსის სასტუმროებში გაჩერებული ტურისტები, საიდანაც ხანძრის გამო მათი ევაკუაცია მოხდა, ერთკვირიანი საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად 500 ევრომდე ღირებულების ელექტროვაუჩერის გადაცვლას შეძლებენ. ინიციატივა ორ ეტაპად, კერძოდ, მიდმინარე თვიდან 31 მაისამდე და 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

როდოსის ტურიზმის ოფიციალური პირების ცნობით, ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და პროგრამაში უკვე 5,000-ზე მეტი დამსვენებელი დარეგისტრირდა.

კუნძულის ოტელიერთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, იანის პაპავასილიუ აცხადებს, რომ კომპენსაცია ასახავს თანხას, რომელიც მომხმარებლებმა ტუროპერატორებს თავდაპირველად გადაუხადეს და ის 300-დან 500 ევრომდე ვარირებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ სასტუმროებს მოიცავს და Airbnb-ის ტიპის კერძო განსახლებებს არ ეხება.

წელს საბერძნეთის ხელისუფლებამ ტურიზმთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იანვარში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ტურისტებისთვის ახალი გადასახადი შემოიღო. ტურისტებს საცხოვრებელ ადგილებზე დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. თუმცა ახალ სისტემას მხოლოდ სეზონის პიკზე, მარტიდან ოქტომბრამდე იყენებენ, ხოლო გადასახადის ოდენობა განსახლების ოფიციალური რეიტინგის მიხედვით დღეღამეში 1-დან 4 ევრომდე ვარირებს.

ამასთან, წელს საბერძნეთში პლაჟის წესები გამკაცრდა. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილებით, საბერძნეთის პლაჟების 70% შეზლონგებისგან გათავისუფლდება, რომ პლაჟები არ გადაიტვირთოს და დასვენება უფრო კომფორტული გახდეს. ასევე, შეზლონგებსა და სანაპირო ზოლს შორის, მინიმუმ, ოთხმეტრიანი დისტანცია დაწესდა, რომ ადამიანებს წყალთან მისვლა გაუადვილდეთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ