ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

„საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მოქმედებებით განპირობებულ მიღწევებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რასაც ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც ემსახურება.

სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ სავალუტო ფონდის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში მიღწეული მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და გატარებული რეფორმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.