„საზღვრები სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს“ - რა ბედი ელის დიღმის ჭალებს

„დიღმის ჭალების საზღვრების სასწრაფოდ უნდა დამტკიცება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.

გასულ კვირას დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხებოდა ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობას. ამ ეტაპზე დიღმის ჭალების კვლევა მიმდინარეობს, კვლევა 2 თვეში დასრულდება, შემდეგ კი პროცესი დაპროექტების ნაწილზე გადავა.

„თბილისის გენერალური გეგმით, მტკვარი მხოლოდ ფონიჭალის და დიღმის ჭალების არეალშია ბუნებრივი სახით, სხვაგან ყველგან მას ჯებირები აკრავს, რაც ძალიან ცუდია, რადგან მოქალაქეებმა დაკარგეს მდინარე. გენერალური გეგმის კონცეფციით განსაკუთრებით ამ არეალებში უნდა გაკეთდეს საქალაქო პარკები“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

არქიტექტორის თქმით, დიღმის ჭალებში არის რამდენიმე პრობლემა მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნება. ამასთანავე, გამოწვევას წარმოადგენს კონკრეტული არეალის აღდგენის საკითხიც.

„დიღმის ჭალის არეალში დაიწყეს პარკის მშენებლობის პროექტი. ახლა არიან კვლევის სტადიაზე, რომელზეც ჩართულები არიან უცხოელები. როგორც გამოიკვეთა, დიღმის ჭალებში არის ბიომრავალფეროვნების პრობლემა, პრობლემურია ცალკეული არეალების აღდგენა“, - დასძინა არქიტექტორმა.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება დიღმის ჭალების აღდგენას, არქიტექტორი გვპასუხობს, რომ განისაზღვრება გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღდგენა, ტერიტორიის მოცულობიდან გამომდინარე, დიდ დროს საჭიროებს.

როგორც ბოლქვაძე ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია დიღმის ჭალების საზღვრების დამტკიცება, რათა სამომავლოდ მშენებლობების დაწყების საშიშროება აღმოიფხვრას.

„ამ ეტაპზე აუცილებელია საზღვრების დამტკიცება, იმიტომ, რომ არის საშიშროება, რომ ამ ტერიტორიაზე შეიჭრას რომელიმე ინვესტორი, ამიტომ საზღვრები სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს, რომ არ მოხდეს სამშენებლო პროექტების განხორციელება“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, დიღმის ჭალების აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი წლებია მიმდინარეობს. ადგილი უკანონო მასშტაბური კარიერული და სამრეწველო საქმიანობისა და სამშენებლო ნარჩენებისგან არის დაბინძურებული. დიღმის ჭალების მცველები 4 წელზე მეტია იბრძვიან ტერიტორიის გადარჩენისთვის.

მერი ტაბატაძე