„ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!“

„ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ გადავიხდით, ოლიგაქრი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი.

დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. "ოფშორების კანონის" წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ.

ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცაღა დაჩქარებით მიღებული. დიახ, დაჩქარებული წესით.

რატომ ?

ამ ცვლილებების შედეგად ოლიგარქი ან/და მისი მეგობრები (მეგობრები კი ჩრდილოეთიდან მეტწილად) ე.წ. ოფშორული ზონიდან გადმოიტანენ/გადმოაფორმებენ აქტივებს საქართველოში და არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს; 0-ს.

ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!

ჩვენ გადავიხდით მოგების გადასახადს, ოლიგარქი არა!

ჩვენ გადავიხდით დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებს, ოლიგარქი არა!

ქონების გადასახადს კი საერთოდ არ გადაიხდის 2030 წლამდე!

და აქვე ცოტა რამ ბანკებზე.

საქართველოს საბანკო სექტორი და შესაბამისად, მთლიანი ჩვენი ბიზნესი ინტეგრირებულია დასავლური სისტემაში სულ ორი საკორესპონდენტო ბანკით. უფრო გასაგებად, ქართული ბანკებიდან ნებისმიერი უცხოური გადარიცხვა/გადმორიცხვა ხორციელდება ერთი გერმანული და ერთი ამერიკული ბანკის მიერ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველო არის მომატებული რისკის იურისდიქცია (ეს ყველაზე მარტივი რაც შეიძლება მოხდეს), ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ გადარიცხვას/გადმორიცხვას დაჭირდება დღეები თუ არა კვირები, მილიონი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.

ეს რას ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის, ინდ მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა მეორეს მხრივ, რა მოხდა? ასეა, რუსეთში, ირანში, ბელორუსში და ცხოვრობენ, ცხოვრობენ რა, არსებობენ.

მოკლედ, ამ ბრძოლის წაგება, არ შეიძლება!“ - წერს გიორგი ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი) დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

ეკა დარჩიაშვილი