მსოფლიო სულ უფრო მეტად იარაღდება - ვინ რამდენს ხარჯავს

გლობალურმა სამხედრო ხარჯმა 2023 წელს 2.443 ტრლნ დოლარს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 6,8%-ით მეტია, ხოლო 2009 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში წერია.

მსოფლიოში სამხედრო ხარჯი უკვე მეცხრე წელია, იზრდება, თუმცა ის 2009 წლის შემდეგ SIPRI-ის მიერ განსაზღვრულ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში პირველად გაიზარდა. განსაკუთრებით ძლიერი ზრდა ევროპაში, აზია-წყნარი ოკეანიას რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირდა.

2023 წელს მსოფლიოს 10 უდიდესი მოთამაშიდან, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერობით, სამხედრო ხარჯი ყველამ გაზარდა.

რუსეთ-უკრაინა

ომში მყოფი ამ ორი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ხარჯი 2023 წელს 24%-ით გაიზარდა და 109 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის, ანუ ყირიმის ანექსიის შემდეგ 57%-ით მეტია. გასულ წელს რუსეთის სამხედრო ხარჯი მთლიანი სახელმწიფო ხარჯის 16%-ს, ხოლო სამხედრო დატვირთვა, ანუ სამხედრო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 5,9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება უკრაინას, 2023 წელს ქვეყანამ მერვე ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც სამხედრო ხარჯი 51%-ით, 64.8 მლრდ დოლარამდე გაზარდა, რამაც მთლიანი სახელმწიფო ხარჯის 58% შეადგინა. ამან მშპ-ზე უკრაინის სამხედრო დატვირთვა 37%-ით გააძლიერა.

შედარებისთვის: 2023 წელს უკრაინის სამხედრო ხარჯი რუსეთის სამხედრო ხარჯის 59%-ს შეადგენდა. ამასთან, წლის განმავლობაში უკრაინამ ზოგადად, მინიმუმ, 35 მლრდ დოლარის, მათ შორის, 25.4 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება აშშ-დან მიიღო. მთლიანობაში, ეს დახმარება და უკრაინის საკუთარი სამხედრო ხარჯი რუსეთის ხარჯის, დაახლოებით, 91%-ს შეადგენდა.

NATO-აშშ

NATO-ს წევრი 31 სახელმწიფოს ხარჯმა 2023 წელს 1.341 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გლობალური სამხედრო ხარჯის 55%-ს უდრის. აშშ-ის სამხედრო ხარჯი გასულ წელს 2,3%-ით გაიზარდა და მან 916 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც NATO-ს მთლიანი სამხედრო ხარჯის 68%-ს შეადგენს. 2023 წელს ხარჯი NATO-ს ევროპელი წევრების უმრავლესობამაც გაზარდა, რომლის ერთობლივმა წილმაც ალიანსის მთლიანი ხარჯის 28% შეადგინა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დანარჩენი 4% კანადისა და თურქეთის წილია.

ათი წლის შემდეგ, რაც ნატოს წევრებმა სამხედრო ხარჯისთვის ოფიციალურად მშპ-ის 2% დაისახეს მიზნად, შარშან ამ დონეს 31-დან 11-მა სახელმწიფომ მიაღწია ან გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ვალდებულების აღების შემდეგ. კიდევ ერთ მიზანს, რომ სამხედრო ხარჯის, მინიმუმ, 20% „აღჭურვილობის დანახარჯს“ წარმოადგენდეს, შარშან NATO-ს 28 წევრმა მიაღწია, მაშინ, როცა 2014 წელს ასეთი სულ შვიდი სახელმწიფო იყო.

ევროპა

ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სამხედრო ხარჯი 2023 წელს პოლონეთმა გაზარდა, რომელიც ამ მხრივ მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. 2022-2023 წლებში 75%-იანი ზრდის შემდეგ ქვეყნის სამხედრო ხარჯმა 31.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წლიური ზრდაა.

ჩინეთი

სამხედრო დანახარჯებით მსოფლიოში მეორე უმსხვილესმა ქვეყანამ 2023 წელს ამ მიზნისთვის, დაახლოებით, 296 მლრდ დოლარი გამოყო, რაც, 2022 წელთან შედარებით, 6.0%-ით მეტია. ეს ჩინეთის სამხედრო ხარჯის ზედიზედ 29-ე ყოველწლიური ზრდაა. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთლიანი სამხედრო ხარჯის ნახევარი ჩინეთის წილია. მისი რამდენიმე მეზობელი საკუთარი ხარჯის ზრდას სწორედ ჩინეთის სამხედრო ხარჯის ზრდას უკავშირებს.

SIPRI-ის კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში იარაღის იმპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის, გაორმაგდა, რაც ნაწილობრივ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა ომმა განაპირობა. ამასთან, რუსეთიდან იარაღის ექსპორტი შემცირდა.

SIPRI-ის მიხედვით, უკრაინა 2023 წელს იარაღის მეოთხე უმსხვილესი, ხოლო ევროპიდან უდიდესი იმპორტიორი გახდა. შარშან SIPRI-მა იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების 2022 წლის რეიტინგში უკრაინა მესამე ადგილზე დაასახელა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ