გაძვირდება თუ არა კვერცხი სააღდგომოდ - „ქსელებთან უკვე ვმუშაობთ“

სააღდგომოდ კვერცხის გაძვირება არ იგეგმება, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს.

როგორც მან განმარტა, უკვე მუშაობენ სუპერმარკეტებთან იმისთვის, რომ კვერცხზე რაც შეიძლება მეტი აქცია და ფასდაკლება იყოს წინასააღდგომო პერიოდში.

„გაზრდა არანაირად იგეგმება, სრული პასუხისმგებლობით ვიძახით. რაოდენობა გვაქვს საკმარისი ისე, რომ არანაირი დეფიციტი არ იქნება. ამ დროს რეალიზაციის ინტენსივობა იზრდება ხოლმე. ყველანაირად მზად ვართ, პირიქით ქსელებთან უკვე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი აქცია და ფასის კლება იყოს. არანაირი გაზრდა არ არის მოსალოდნელი”, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულია, რომელ რეგიონში რა რაოდენობის კვერცხს ყიდულობენ მოქალაქეები. აღნიშნულის შესაბამისად, რეგიონები უკვე მომარაგებულია და აღდგომისთვის კვერცხზე დეფიციტი არ შეიქმნება.

იხილეთ ასევე: კვერცხის იმპორტი 90%-ით შემცირდა - სად და რამდენად ვყიდულობთ

მერი ტაბატაძე