დაუსრულებელი სტადიონების მშენებლობა 23 მლნ ლარი დაგვიჯდა - კვლევა

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.

კერძოდ, „შპს დაგიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოსაცხადებელია ახალი ტენდერი.

„ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადამ ბევრჯერ გადაიწია და ბოლო ცვლილებით, მშენებლობა 2024 წლის 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა”, - ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, კვლავ დაუსრულებელია ფოთის სტადიონი, რომლის რეაბილიტაციაც 2013 წელს დაიწყო, თუმცა UEFA-მ ინფრასტრუქტურა დაიწუნა და 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები ფოთში აღარ ჩატარდა.

„რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამში 1.2 მილიონი ლარი მიითვისეს”, - აღნიშნულია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ფოთის ხარვეზიან სტადიონებში ჯამში 23 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად დაგეგმილზე რამდენიმე მილიონით მეტი.

მრავალჯერ გადაწეული ვადების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ზუგდიდსა და ფოთში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონები.

მერი ტაბატაძე