„ქართული კვერცხი რომ შევიდეს თურქეთში, მაგას არავინ დაუშვებს - თურქეთიდან კი არასამართლიან ფასად შემოდიოდა“

„ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ცხოველური წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა არ აქვს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს.

გასული წლის ბუმის შემდეგ, საქართველოში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, თურქული კვერცხის იმპორტი მცირდება. როგორც უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, 2023 წელს თურქეთიდან კვერცხის იმპორტის მზარდი ტენდენცია განპირობებული იყო ლირის დევალვაციით, ჭარბი წარმოებითა და საქართველოში არსებული „სიმბიოზური კანონმდებლობით“.

უჩუმბეგაშვილის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანას მესამე ქვეყნიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე აქვს შეზღუდვა, საქართველოს კი არა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასულ წელს თურქეთმა საქართველოში დიდი რაოდენობით კვერცხის ექსპორტი განახორციელა.

„ქართული კვერცხი რომ შევიდეს თურქეთში, მაგას არავინ დაუშვებს, გადასახადი უნდა გადავიხადოთ 108%, საქართველოში რომ შემოდის, იხდიან 12%-ს. ეს არის ჩვენი სიმბიოზური კანონმდებლობა“, - აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

საქართველო კვერცხის წარმოებაში წლებია თვითკმარია, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში გასულ წელს დიდი რაოდენობით იმპორტი განხორციელდა. უჩუმბეგაშვილის თქმით, ამ პერიოდში საქართველო კვერცხს სრული სიმძლავრით არ აწარმოებდა, ამის მიზეზია ის, რომ იმპორტული არასამართლიანად დაბალ ფასად შემოდიოდა.

„არასამართლიანი ფასით შემოდიოდა თურქული კვერცხი. თურქეთში რომ იყიდებოდა კვერცხი 15 ცენტად, საქართველოში შემოდიოდა 10 ცენტად, არარეალური ფასი იყო ბაზართან შედარებით“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 3 თვეში თურქეთიდან კვერცხის იმპორტი მცირდება. ეს უკავშირდება რუსეთში არსებულ კრიზისს კვერცხის მიმართულებით. უჩუმბეგაშვილის თქმით, თურქეთმა ამჟამად კვერცხის ექსპორტი რუსეთისკენ მიმართა, რამაც საქართველოში შემცირება განაპირობა.

იხილეთ ასევე: კვერცხის იმპორტი 90%-ით შემცირდა - სად და რამდენად ვყიდულობთ

მერი ტაბატაძე