ბაგებიდან ქავთარაძემდე გადაადგილების დრო შემცირდება - მერია სამანქანე გვირაბს ჭრის, რაც 14 მლნ-მდე ჯდება

ბაგებიდან ქავთარაძემდე გადაადგილების დრო შემცირდება - მერია სამანქანე გვირაბის გაჭრას გეგმავს, რის შესახებაც ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

საავტომობილო გვირაბის მშენებლობის მიზნით კი ტენდერი, რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის (გვირაბული მეთოდი) მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 13 953 160 ლარს შეადგენს.

„საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს:

  • მისასვლელი 1 - პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან;
  • გვირაბის მოწყობას;
  • გამოსასვლელი 2 - პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.

გვირაბსა და პანდუსების ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადად წერილობითი დავალების მიცემიდან 180 კალენდარული დღეა გათვალისწინებული.

იხილეთ ასევე: ბაგებიდან ვაჟა-ფშაველასკენ გადაადგილების დრო შემცირდება - მერია სამანქანე გვირაბის გაჭრას აანონსებს

„გაკეთდება ახალი საავტომობილო გვირაბი და ქავთარაძიდან ვაჟაზე პირდაპირ გადასვლა იქნება შესაძლებელი“

თაია არდოტელი