„ფასები 40%-ით გაიზარდა - ტურისტები ბილეთს ვეღარ იღებენ“

Wizz air-ის მომსახურებაზე ფასების ზრდის, რეისების გაუქმების, რიგ შემთხვევაში კი განახევრების გამო, ტურისტულ სექტორს ზაფხულის სეზონისთვის პესიმისტური მოლოდინები აქვს.

როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, ტურისტების ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ეკონომ მოგზაურობას და ირჩევდნენ Wizz air-ს, გაზრდილი ფასების გამო, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულს ამ ჯგუფის ტურისტების რაოდენობა შემცირდება, რაც ნეგატიურად ისახება მოლოდინებზე.

„მაგალითად, პოლონელი ტურისტი არის ეკონომ კლასის. მას არ უყვარს მაღალბიუჯეტიანი მოგზაურობა. არის ძირითადად ორგანიზებული ტურები. დავდექით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. ვიზეარის პრობლემების გამო - იმის გამო, რომ ჩაიხსნა ძალიან ბევრი რეისი, მათ შორის გდანსკი, ვროცლავი და კრაკოვი და რაც იყო ის რეისები განახევრდა, ფასებმა აიწია საოცრად, ივნისში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს საქართველო და ხალხი ცდილობს ნებისმიერი გზით მოხვდეს იქ, ფასები გაიზარდა და პაკეტების ფასებმაც მოიმატა, დაახლოებით 40%-ით. ბილეთს ვეღარ იღებენ, როცა ეკონომ კლასზეა საუბარი, იცით, რომ იქ კაპიკები დათვლილია. შესაბამისად, წელს მოლოდინი რაც გვქონდა, იქიდან 10-15%-ის ფარგლებში გვექნება ტურისტების რაოდენობა. ზაფხული განსაკუთრებით რთული იქნება“, - განაცხადა კელაურაძემ.

შეგახსენებთ, Wizz Air-ის ბილეთები თითქმის ყველა მიმართულებით მინიმუმ 50%-ით გაძვირებულია. ბილეთების ფასის ზრდას წინ უძღოდა ავიაკომპანიის პრობლემა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით და ამის გამო, ევროპის მასშტაბით ათობით ფრენის შეწყვეტა ან შემცირება. გარდა ამისა, ამას დაემატა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება და ევრო 2024-ზე საგზურის მოპოვება. ამან გამოიწვია მოთხოვნა რამდენიმე მიმართულებით ბილეთებზე, ბილეთზე მოთხოვნის ზრდამ კი ფასის ზრდა გამოიწვია.

იხილეთ ასევე: Wizz Air-ის ბილეთების ფასი 50%-ით გაიზარდა - როგორ აისახება ეს ტურისტულ კომპანიებზე

Wizz Air-მა რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილი ფრენა გააუქმა - როგორ დავიბრუნოთ გადახდილი თანხა

მერი ტაბატაძე