„მესტიაში სასტუმროები არ გვყოფნის - გზა არის მუდმივად დაზიანების პროცესში“

უცხოელი ტურისტებისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს არამხოლოდ თბილისი, არამედ სხვადასხვა რეგიონი. კერძოდ, როგორც აქამდე „ბიზნესპრესნიუსი“ არაერთხელ წერდა, დაინტერესება განსაკუთრებით დიდია მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებზე.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, საგზაო პრობლემების აღმოფხვრა და ტურისტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.

„პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, რომ მესტიის ტურისტულად მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შიდა ფრენების უზრუნველყოფა.

კელაურაძე ყურადღებას ამახვილებს მესტიის გზაზე, რომელიც მეწყრული მდგომარეობის გამო, ნებისმიერ სეზონზე მუდმივი დაზიანების საფრთხის წინაშეა. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თელავი-მესტიის მიმართულებით შიდა ფრენები, რადგან ამ მონაკვეთის დაფარვას საშუალოდ 8 საათი სჭირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ მესტიაში შიდა ფრენები იყოს იმიტომ, რომ გზა არის მუდმივად დაზიანების პროცესში, მუდმივად მეწყრული სიტუაციებია და გზა არის ძალიან ცუდი. ამ დროს მოთხოვნა დიდია და მზარდია. მესტიაში სასტუმროები არ ყოფნის, გამართული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. მაღალმხარჯველიან ადამიანს თელავში რომ ჩავიყვან, თუ იმ ჯგუფს უნდა მესტიაში გადაფრენა სწრაფად და კომფორტულად, რატომაც არა? დღეის მდგომარეობით, თელავიდან მესტიამდე დაახლოებით 8 საათი სჭირდება გზას“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება, რის პროექტსაც „გრინ სტუდიო“ შეიმშავებს. გარდა ამისა, აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებისთვის ტენდერი გამოაცხადა, წინადადებების მიღება მაისში იწყება. ასევე მიმდინარეობს თელავის აეროპორტის რეკონსტრუქციაც.

იხილეთ ასევე: როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი (+ფოტო)

შიდა ფრენებზე აეროპორტების გაერთიანებამ 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

მერი ტაბატაძე