თანამდებობის პირი, რომელიც დეკლარაციაში ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ინფორმაციას იმ თანამდებობის პირის შესახებ ავრცელებს, რომელიც ქონებას მალავს. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის მერზე, კაპიტონ ჟორჟოლიანზე, რომელმაც 2024 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში საკუთარი ქონება, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალი არ მიუთითა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:

კერძოდ:

1. 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება

2. 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს

3. 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება

4. 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება

5. 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება

6. 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება

7. 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება

„კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ შრომის ანაზღაურებასაც.

“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში აუსახავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნინი ქეთელაური