ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 40 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ 40 ათასი ლარით დააჯარიმა.

სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევისთვის მიკროსაფინანსო ჯამში - 6,000 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის 5 ფაქტი, რაც თითოეულ ფაქტზე ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, 5 დარღვევისთვის 10,000 ლარს.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები 2 დარღვევისთვის - სულ, 4,000 ლარის ოდენობით.

ასევე, როგორც სებ-ი განმარტავს, ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 ლარის ოდენობით.

ყველა ზემოთ აღნიშნული დარღვევისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 40 000 ლარით დაჯარიმდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ აქციების 75% ეკუთვნის ეთერ ბერიძე-მელიქიშვილს, ხოლო 25 %-ის მფლობელებად მითითებულნი არიან ისევ ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი, არჩილ და ბესიკ მელიქიშვილები. რაც შეეხება დირექტორის პოსტს, ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი იკავებს.

ნინი ქეთელაური