“ჩვენ აღარ გვაქვს ფრონტის ხაზი და გვაქვს საზღვარი” - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პირველი სასაზღვრო ბოძი დაიდგა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე პირველი სასაზღვრო ბოძი დაიდგა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე, აზერბაიჯანის ვიცეპრემიერ შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურიც ადასტურებს, რომ „გეოდეზიური აზომვების საფუძველზე სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საზღვარზე, კოორდინატების გარკვევის სამუშაოების ფარგლებში, 2024 წლის 23 აპრილს პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა.”

კერძოდ, სასაზღვრო ბოძი სომხეთის ტავუშის ოლქისა და აზერბაიჯანის ქალაქ ღაზახის საზღვარზე დაიდგა.

მანამდე, 19 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევანი და ბაქო გარკვეულ მონაკვეთებზე საზღვრის გავლებაზე წინასწარ შეთანხმდნენ, ხოლო 15 მაისამდე მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რომელშიც, „ადგილზე გეოდეზიური აზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით,“ სასაზღვრო ხაზები იქნება აღწერილი. ამასთან, პროცესის სრულ დასრულებამდე საზღვრები დელიმიტირებულად ჩაითვლება, ხოლო მითითებულ მონაკვეთებზე ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურები ერთდროულად გამოჩნდებიან.

ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესში 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციას დაეყრდნობოდნენ, რომელშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში არის აღიარებული. ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ საზღვრის ყველა სხვა მონაკვეთის, მათ შორის, ანკლავებისა და ექსკლავების დელიმიტაციის პროცესი მომავალშიც გააგრძელონ.

„ფაქტობრივად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ორმხრივი ხელმოწერით ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა უკვე აღიარეს,” - აცხადებს სომხეთს პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი.

მისი თქმით, დემარკაციის პროცესის დროს ასახული იქნება საზღვარი, „რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა სსრკ-ის დაშლის მომენტში ჰქონდა.“

სომხეთის პრეზიდენტი, ასევე, აცხადებს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ რუსები საზღვარს დატოვებენ და მათ სომეხი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ აღარ გვაქვს ფრონტის ხაზი და გვაქვს საზღვარი. საზღვარი მშვიდობის ნიშანია და ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეები ერთმანეთთან თანამშრომლობით საზღვრის დამოუკიდებლად დაცვას შეეძლებენ,“ - ამბობს ფაშინიანი.

ცნობისთვის: სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ