შოტლანდია დემოგრაფიის ზრდას უცხოელი სტუდენტებით გეგმავს

მომდევნო 25 წლის განმავლობაში შოტლანდიის მოსახლეობის ზრდა მხოლოდ იმიგრაციით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ქვეყნის საერთაშორისო განათლების სტრატეგიაში წერია, რომელიც შოტლანდიამ მიმდინარე წლის თებერვალში პირველად წარადგინა.

კერძოდ, მიღებულ იქნება ზომები შოტლანდიაში საკმარისი რაოდენობის სამუშაო ასაკის ადამიანების მისაზიდად, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის და საზოგადებისთვის საჭირო უნარები ექნებათ. ახალი სტრატეგიის მიხედვით, სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტები, მასწავლებლები და მეცნიერები იმედისმომცემ ნიჭს წარმოადგენენ, რომელსაც შეუძლია, შოტლანდიას სარგებელი მოუტანოს.

ამ სტრატეგიის რეალიზების ფარგლებში, შოტლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა ჩაუშვა პროექტი, რომელიც ქვეყანაში დარჩენის მსურველი ადგილობრივი უნივერსიტეტების უცხოელი კურსდამთავრებულების დახმარებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სერვისი, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისთვის სწავლის ბოლო კურსზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და მიგრაციის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლას ითვალისწინებს. სტუდენტების გარდა, სერვისით ისარგებლებენ დამსაქმებლებიც, რომლებსაც სხვა ქვეყნებიდან თანამშრომლების მიზიდვა სურთ, ასევე, ადამიანები, რომლებიც შოტლანდიაში, მინიმუმ, ექვსი თვეა, რაც საცხოვრებლად გადავიდნენ და უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც მზად არიან, ქვეყანაში ფილიალი ან ახალი კომპანია გახსნან.

ახალი სერვისის ამოქმედება თანასწორობის, მიგრაციისა და ლტოლვილთა მინისტრ ემა როდიკმა დააანონსა, რომელმაც განაცხადა, რომ „ახალ შოტლანდიელებს” ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ და ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შევსებასა და ერის გაძლიერებას ეხმარებიან. ამასთან, მინისტრის თქმით, ისინი ქვეყნის “დემოგრაფიას აუმჯობესებენ.” როდიკმა დასძინა, რომ პროექტის მიზანია, შოტლანდიაში ცხოვრების დაწყებისას ადამიანებს ორიენტირებაში დაეხმაროს და მათ არასაჭირო ბიუროკრატია ჩამოაცილოს, რომელიც, განსაკუთრებით, Brexit-ის შემდეგ გაძლიერდა.

შოტლანდიის მთავრობის ცნობით, სერვისი წლის ბოლოსთვის გაფართოვდება და ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მსურველ ყველა მოქალაქეს დაეხმარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ