აფხაზეთში ჩასვლას რუსები მულტიმოდალური მგზავრობით შეძლებენ

აფხაზეთში 30 აპრილიდან რუსეთის რეგიონებიდან მულტიმოდალური, ანუ თვითმფრინავი+ავტობუსით ტრანსპორტირება იწყება. განცხადებას სოჭის აეროპორტი Telegram-არხზე ავრცელებს.

კერძოდ, რუსები აფხაზეთში რეგიონებიდან ჯერ სოჭის აეროპორტში ჩაფრენით, შემდეგ კი ავტობუსზე გადაჯდომით იმგზავრებენ.

ამასთან, მეორე წელია, სოჭის აეროპორტიდან გაგრამდე ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“ იმოძრავებს. მატარებლით მგზავრობის უპირატესობა ის არის, რომ საბაჟო პროცედურის გავლა მგზავრს ადგილზე, ვაგონიდან ჩაუსვლელად შეუძლია.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის შემდეგ რუსული „ლასტოჩკა“ წელს სოხუმშიც შევა, ხოლო პირველი სატესტო რეისი ხვალ, 25 აპრილს შესრულდება. მოსკოვიდან სოხუმში ყოველ მეორე დღეს ჯერ მხოლოდ მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი დადის, რომელიც 20 აპრილიდან უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობს. ამასთან, 29 მაისიდან სოხუმის სადგურზე მატარებელი ყოველდღე სანქტ-პეტერბურგიდანაც ჩავა, ხოლო სამარიდან აფხაზეთში შარშანდელი მარშრუტი წელს გაუქმდება.

რაც შეეხება შარშან გახსნილ ტურისტულ მატარებელს ტუაფსედან გაგრამდე, ის ზაფხულიდან ყოველდღიურად იმოძრავებს, ხოლო ტურისტული მატარებელი, „სოჭი“ მოსკოვი-ნიჟნი ნოვგოროდი-სოჭი-სოხუმის მარშრუტზე და უკან წელს მხოლოდ ერთხელ გავა. გასულ წელს ამ მატარებელმა გაგრასა და სოხუმში ღამისთევითა და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე ექსკურსიებით ორი რეისი შეასრულა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში 2017 წლიდან მგზავრთა ტრანსპორტირება ბილეთების ერთიანი სისტემით მიმდინარეობს. წლევანდელ საკურორტო სეზონზე აფხაზეთის ხუთ ქალაქში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სოხუმში რუსეთის მოქალაქეების ტრანსპორტირება ადლერის რკინიგზის სადგურზე და სოჭის აეროპორტში გადაჯდომით მოხდება, რაც 30 აპრილიდან დაიწყება და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ