„მესტიის აეროპორტის ნაკლია, რომ შეუძლებელია წინასწარ დაჯავშნო დიდი ხნით ადრე“ -  ტუროპერატორი

მესტიის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მთავრობის ინფორმაციით, მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და პირველ მგზავრებს 2025 წელს მიიღებს.

„მესტიის აეროპორტის არსებობა ძალიან კარგია, მაგრამ რომ გითხრათ, ჩვენს საქმიანობას ადგება-მეთქი, მოგატყუებთ“,- ასე ეხმაურება ახალი ტერმინალის მშენებლობას შემომყვანი ტუროპერატორი. როგორც კომპანია Georgian Holidays”-ის დირექტორი საბა გეწაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უცხოეთიდან ტურისტების შემოყვანა და მარშრუტის დაგეგმვა დაახლოებით, 6 თვით ადრე ხდება, მესტიის აეროპორტში კი ჯავშნების წინასწარ გაკეთება, ამინდის გამო, შეუძლებელია.

„მესტიის აეროპორტის არსებობა ძალიან კარგია, მაგრამ რომ გითხრათ, ჩვენს საქმიანობას ადგება-მეთქი, მოგატყუებთ. მესტიის აეროპორტის ნაკლია, რომ შეუძლებელია წინასწარ დაჯავშნო დიდი ხნით ადრე. ჩვენ შემოგვყავს ტურისტები უამრავი ქვეყნიდან და ძირითადად, 6 თვით ადრე კეთდება ჯავშნები და უკვე ვიცით, როდის უნდა შემოვიდნენ. ძალიან კარგი იქნებოდა, მესტიაში გადაფრენა ასე მარტივი ყოფილიყო, მაგრამ ამინდის და სხვა ტექნიკური დეტალის გამო, ეს შეუძლებელია. თუ ამინდი არ არის, მაშინ იქ სასტუმროებიც უნდა გააუქმო და დაგეგმო სხვა მიმართულება, სხვა ხარჯები გაწიო... ასე რომ, ძალიან ნაკლებად პრაქტიკულია ჩვენი საქმიანობისთვის მესტიის აეროპორტი.

წარმოიდგინეთ, ვთქვათ, მე 20 კაცი უნდა წავიყვანო მესტიაში, დავჯავშნე 6 თვით ადრე, ამინდი შეიცვალა და უცებ მიწევს, სასტუმროს ჯავშნის ჯარიმის გადახდაც და ახალი ფაქტობრივად 2-დღიანი ტურის დაგეგმვაც, რომ დასავლეთ საქართველოში მანქანებით წავიდეთ. რომ გითხრათ 1-2 ტერმინალს თუ დაამატებენ, ეს პრობლემა მოგვარდება-მეთქი, არა. შიდა ტურიზმისთვის ძალიან კარგია, თუ გაფართოვდება და მეტი ფრენა იქნება, მაგრამ შემომყვანი ტურიზმისთვის რა სირთულეებიც არსებობს, გითხარით“,- აღნიშნავს საბა გეწაძე.

ნინი ქეთელაური