“სრული კატასტროფა გვაქვს, საქართველოს ყველა რეგიონში უკლებლივ, შობადობა ნაკლებია სიკვდილიანობაზე”

სრული კატასტროფა გვაქვს, საქართველოს ყველა რეგიონში უკლებლივ, შობადობა ნაკლებია სიკვდილიანობაზე, ანუ ემიგრაციაში წასული ჩვენი მოსახლეობის გარდა, მოსახლეობა კიდევ მცირდება“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ემიგრაციაში წასული თანამოქალაქეების გარდა, მოსახლეობა კიდევ მცირდება.

„ოჯახის დაგეგმვაზე და ხელოვნურ, სხვადასხვა ტიპის ქალთა საკითხებზე, ლაპარაკობს ხალხი, რომლის დროსაც საქართველო დაცარიელდა. ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკებიან, ესეც ყურადღების გადატანის ნაწილია, სინამდვილეში, ესენი ის ადამიანები არიან, ვისი მართვის პირობებშიც, 12 წლის განმავლობაში (ერთი კვირის წინ სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა დემოგრაფიული სტატისტიკა), სრული კატასტროფა გაქვს, საქართველოს ყველა რეგიონში უკლებლივ, შობადობა ნაკლებია სიკვდილიანობაზე, ანუ ემიგრაციაში წასული ჩვენი მოსახლეობის გარდა, მოსახლეობა კიდევ მცირდება.

სანამ ეს რეზოლუცია იქნებოდა, სირცხვილია, ევროპის პრაქტიკულად ყველა დედაქალაქიდან გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ ასეთი კანონმდებლობა იმიტომ, რომ ეს ხელს შეუშლის თქვენ ინტეგრაციას, დააშორებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან. ამაზე მკაფიო ტექსტები აღარ არსებობს, საერთაშორისო დიპლომატიაში.

რაც შეეხება დახმარებებს, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში სადაც ბავშვები შიმშილობენ სკოლაში, ყველა კვლევის მიხედვით, სადა 100-ათასობით ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, სადაც 300 000 ადამიანი მოვალეთა რეესტრშია და ა.შ 60 მლნ ევროზე, საჩუქარზე, ბიუჯეტისთვის გრანტზე, უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა არ გააგრძელა ეროვნულ ბანკში, რომ ქალბატონი თურნავა გაეწესებინა. მხოლოდ ამიტომ, 200 მლნ ლარამდე, საჩუქარზე თქვეს უარი. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის, ნებისმიერი ოლიგარქიისთვის სიღარიბე არის მოკავშირე. მათ არ სჭირდებათ, ძლიერი საშუალო ფენა, მათ არ სჭირდებათ განათლებული და ინფორმირებული საშუალო ფენა, მათი მოკავშირეა სიღარიბე იმიტომ, რომ ღარიბ მოსახლეობაში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში ძალიან მარტივია პოლიტიკური კორუფცია. ძალიან მარტივია ძალაუფლების შენარჩუნება. ძალიან მარტივია თემა გადაიტანო იმ კორუფციაში ჩაფლული და იმ კატასტროფული ვითარებიდან რაც ხდება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში შობადობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 იყო, 2023 წელს 40 214 შეადგინა. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, შობადობა ყოველწლიურად მცირდება.

ნინი ქეთელაური