ნაციონალიზაცია პუტინის სქემით - რუსეთში ბიზნესის “გაკულაკება” დაიწყო

ბიზნესის ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა გამართლებულია, როცა მესაკუთრის ქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებას აზიანებს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს სამართალდამცავმა უწყებებმა აღძრეს არაერთი საქმე ზოგიერთი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ, რაც პრივატიზაციის გადახედვა კი არა, არამედ ის შემთხვევაა, როცა საწარმოებისა და ქონებრივი კომპლექსების მფლობელების ქმედება ან უმოქმედობა პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.

ცნობისთვის: 2023 წლის აპრილში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მყოფი უცხოური კომპანიების აქტივები ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს დროებით მმართველობაში გადაეცემა, რაც, გამოცემა meduza-ს შეფასებით, რეალურად ნაციონალიზებას ნიშნავს.

კერძოდ, შეიცვალა ლუდის მწარმოებელი კომპანია Carlsberg-ის რუსული აქტივების მფლობელები. მალევე, იმავე სქემის მიხედვით, რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოდილერის, Rolf-ის ნაციონალიზაცია მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „არამეგობრული“ ქვეყნების აქტივების ნაციონალიზაციისთვის შექმნილი სქემა რუსი ბიზნესმენის მიერ შექმნილი კომპანიის მიმართ გამოიყენეს.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს სვერდლოვსკის ოლქის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი მფლობელებისთვის ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული კომბინატის სამი სამრეწველო საწარმოს აქციების ჩამორთმევის შესახებ. ჩელიაბინსკის ჯგუფის საწარმოები ქვეყანაში ფეროშენადნობთა უმსხვილესი მწარმოებლები არიან, რომლის წარმოებული ფოლადიც სამხედრო აღჭურვილობაში, თვითმფრინავის ძრავებსა და საბრძოლო მასალისთვის გამოიყენება.

ასევე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში მაკარონის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Makfa-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელი ჩელიაბინსკის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ