„თბილისის აეროპორტში პარკინგი გამართული არ არის, ფასები კი მაღალია“

თბილისის აეროპორტში პარკინგი არ არის გამართული, ფასები კი მაღალია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აცხადებს.

კითხვაზე, რატომ არის საქართველოში ფრენები უფრო ძვირი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, კელაურაძე პასუხობს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მომსახურებისა და საწვავის სიძვირით.

„ჩვენ გვაქვს აეროპორტი, რომელიც ახლოს არის ქალაქთან, ადვილია მოხვედრა, არ არის გამართული პარკინგი და ფასები არის მაღალი. დავსვათ კითხვა, რატომ არის ფრენები ჩვენთან ძვირი, იმიტომ, რომ მომსახურება არის ძვირი, საწვავი ძვირია და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი ეხმაურება ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ნებისმიერი „აღმშენებლობითი“ პროექტი მისაღებია, თუმცა გაუგებარია, როგორ შეიძლება აშენდეს აეროპორტი იმ ქვეყანაში, რომელსაც არ ჰყავს ისეთი ადგილობრივი ავიაკომპანია, რომლის საკუთრებაშიც მინიმუმ ათი თვითმფრინავიც კი არ არის.

„გვჭირდება ჩვენი ავიაკომპანია სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც იქნება მაღალი დონის, ეყოლება ბევრი გამართული თვითმფრინავი, მოემსახურება ადგილობრივების მოთხოვნას და დაინიშნება ფრენები ევროპაში. ავიაკომპანია მარტო იმისთვის არ არის, რომ მგზავრებს მოემსახუროს, უნდა უზრუნველყოს გადაზიდვებიც. ჩვენ რეალურად არაფერი არ გვყავს“, - დასძინა მან.

როგორც კელაურაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ვგეგმავთ 2028 წელს ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, აუცილებელია, რომ შეიქმნას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია.

მერი ტაბატაძე