ქვეშეთი-კობის გზის გავლას 15 წუთი დასჭირდება

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ყველაზე დიდი - 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.

ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო ზამთარში ხშირად მოძრაობა აკრძალულია, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ დასჭირდება.

პროექტი დადებით სოციალურ გავლენას მოახდენს იმ ათი სოფელზეც, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ეკა დარჩიაშვილი