რა არის „შავი სია“ და „ოქროს სია“ და შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ისტორიის შეცვლა

„როგორც კი მსხესხებელი იწყებს გადახდების ისტორიის გამოსწორებას, მისი რეიტინგიც ავტომატურად უმჯობესდება“ - რა არის „შავი სია“ და „ოქროს სია“ და შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ისტორიის შეცვლა - რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.

მირიან ჯობავა: საკრედიტო ისტორია არის თქვენი საკრედიტო გადახდების მთლიანი წყობა. თუკი რამე სესხით გისარგებლიათ, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს ბაზაში და ახალი სესხის აღების დროს, საკრედიტო დაწესებულება ამოწმებს თქვენს ისტორიას. ამაში მოიაზრება ინფორმაცია დეტალურად: სად გქონდათ აღებული სესხი, რა ვადით, როგორი გადახდები გქონდათ, 1-დღიანი ვადაგადაცილებაც კი ნეგატიურად ისახება საკრედიტო ქულაზე.

როგორც მირიან ჯობავამ ისაუბრა, ე.წ. „შავი სია“ უკვე დიდი ხანია არ არსებობს.

„შავი სია“ უკვე დიდი ხანია არ არსებობს. ის არსებობდა, როდესაც მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებდით, დაახლოებით 10 წლის წინ. სწორედ პოზიტიური ინფორმაციების მიღების შემდეგ შემოვიღეთ საკრედიტო ქულა. მომხმარებელს შეუძლია თავისი საკრედიტო ქულა გადაამოწმოს mycreditinfo-ზე, რაც წელიწადში სამჯერ არის უფასო.

რაც შეეხება „ოქროს სიას“, აქ დაახლოებით 250 ათასი ადამიანია, რომელიც A კატეგორიას განეკუთვნება, ანუ საუბარია ყველზე კარგ გადამხდელებზე. დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია B კატეგორიაში, რომლებიც A კატეგორიას თითქმის არაფრით ჩამოუვარდებიან და ასევე კარგი გადამხდელები არიან.

როგორც კი მსხესხებელი იწყებს გადახდების ისტორიის გაუმჯობესებას, მისი რეიტინგიც ავტომატურად უმჯობესდება და პირობითად, E კატეგორიიდან D-ში, C-ში ა.შ მიიწევს წინ“- აცხადებს მირიან ჯობავა.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე საკრედიტო დაწესებულება, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას, რომ ცუდი საგადასახადო ისტორიის შემთხვევაში გაიუმჯობესოს ისტორია. მაგალითად, შეუქმნას გრაფიკი გადახდის უკეთესი პირობებით, რითიც ის საკუთარ საკრედიტო ისტორიას ავტომატურად გაიუმჯობესებს, ქულა გაეზრდება და რეიტინგიც გაუუმჯობესდება.

ეკა დარჩიაშვილი