165 წელი - როგორ აშენდა სუეცის არხი და რატომ უკავშირდება მას ჯუზეპე ვერდის “აიდა”

ხმელთაშუა და წითელი ზღვების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სუეცის არხის მშენებლობის დაწყებიდან 165 წელი შესრულდა.1859 წლის 25 აპრილს დაწყებული მშენებლობა, თითქმის, 11 წელი გაგრძელდა და 1869 წლის ნოემბერში არხი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნიდან 155 წლის განმავლობაში სუეცმა რამდენიმე კრიზისი და ათობით უბედური შემთხვევა განიცადა, თუმცა თავისი მნიშვნელობით დღეს მის გარეშე მსოფლიო რუკა წარმოუდგენელია.

სუეცი ფრანგების გონებაში

ხმელთაშუა და წითელი ზღვების შეერთების იდეა ფრანგებს ეკუთვნით. ჯერ კიდევ ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობის დროს (1798–1801) ფრანგმა ინჟინრებმა, ჟან-ბატისტ ლეპერის ხელმძღვანელობით, პროექტის შემუშავება წამოიწყეს კიდეც. თუმცა ნაპოლეონის ეგვიპტეში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა და საფრანგეთში მისი ნაჩქარევი დაბრუნების შემდეგ პროექტი შეწყდა.

თუმცა ერთი ფრანგის დაწყებული საქმე ბოლომდე მეორე ფრანგმა მიიყავანა. მეტიც, ფერდინანდ ლესეპსი ორი საზღვაო არხის, სუეცისა და პანამის შემქმნელია, რომლებმაც ნაოსნობის მთელი სისტემა შეცვალეს.

sueci1-1714242898.jfif

პირველი სააქციო საზოგადება

ფერდინანდ მარი დე ლესეპსი 1805 წელს დაიბადა და ათი წლის ბიჭი იყო, როცა წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით ნაპოლეონის კარიერა დასრულდა. 1830-იან წლებში ლესეპსი კაიროში, საფრანგეთის საკონსულოში დიპლომატად მუშაობდა და არ შეეძლო, არ შეეფასებინა ადგილზე ის შესაძლებლობა, რასაც წითელ ზღვაში სუეცის ყურის ჩრდილოეთ წვერის ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვე ქმნიდა.

მან ეგვიპტეში ოსმალეთის რწმუნებულ საიდ ფაშასთან მჭიდრო კავშირი გააბა და 1854 წელს მისგან არხის მშენებლობაზე კონცესია, ანუ სახელმწიფო ნებართვა მიიღო. ლესეპსმა 1855 წელს თავად სულთანი, აბდულ მეჯიდ I-იც დაარწმუნა, რომ მისთვის შესაბამისი ფირმანი, ანუ კანონის ძალის მქონე სიგელი გადაეცა.

უკვე 1859 წელს 53 წლის ფრანგმა დიპლომატმა პარიზში სუეცის საზღვაო არხის უნივერსალური სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. ლესეპსის კომპანიის მიერ აქციების გამოშვებისთანავე საიდ ფაშამ, ეგვიპტის მთავრობის სახელით, მათი 44% შეიძინა, ხოლო 53% საფრანგეთის მთავრობას ეკუთვნოდა. მოგება აქციონერებს, კომპანიის დამფუძნებლებსა და ეგვიპტის მთავრობას შორის უნდა განაწილებულიყო.

sueci2-1714242930.jfif

მშენებლობა

სუეცის არხის მშენებლობაზე მუდმივად 20-იდან 40 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. ისინი, ძირითადად, ეგვიპტელები იყვნენ. პირველ ეტაპზე ეს იყო ხელით შრომა ურთულეს უდაბნოში. მაგალითად, სამშენებლო უბნისთვის ნილოსის წყლის მისაწოდებლად რამდენიმე ათეული კილომეტრ სიგრძის სპეციალური ტექნიკური არხის გათხრა გახდა საჭირო.

1863 წელს ეგვიპტის ფაშა ისმაილმა იძულებითი ხელით შრომა აკრძალა და ლესეპსის კომპანიას შეცვლილი რეგულაციების შესასრულებლად მანქანების გამოყენების გაფართოება მოუწია. ამის მიუხედავად, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, სამშენებლო მოედანზე, მინიმუმ, ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა რეალურად მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით მეტი ყოფილიყო. მაგალითად, 1956 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი, გამალ აბდელ ნასერი აცხადებდა, რომ სუეცის არხის მშენებლობა ქვეყანას 120 ათასი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა, მაშინ, როცა მე-19 საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტის მოსახლეობა, დაახლოებით, 4 მლნ ადამიანს შეადგენდა.

სუეცი და ვერდის “აიდა”

მშენებლობის ხარჯმა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვას, ანუ 200 მლნ ფრანკს იმ დროს ორჯერ გადააჭარბა. მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობა საფრანგეთის და ოსმალეთის იმპერიის მთავრობებს მოუწიათ. სულთანი თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ და თვლიდა, რომ არხი ეგვიპტეს სტამბოლისგან დამოუკიდებლობის საშუალებას მისცემდა. მართალია, საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ მშენებლობის დროს ლესეპსმა და ეგვიპტელმა ენთუზიასტებმა სულთანი, აბდულ აზიზი დარწმუნეს, რომ საერთო კეთილდღეობისთვის ფულის გაღება აუცილებელი იყო.

ოცნება საბოლოოდ 1869 წლის 17 ნოემბერს ასრულდა, როცა 173 კმ საერთო სიგრძისა და 120-დან 150 მ-მდე სიგანის არხში ნაოსნობა გაიხსნა. პირველი გემი, რომელმაც სუეცის არხზე გაიარა, 128-მეტრიანი ორთქლის იახტა, Al-Mahrusa იყო, რომელიც ინგლისში ეგვიპტის ხედივ (მბრძანებელ) ისმაილ ფაშას დაკვეთით აშენდა.

არხის გახსნას საფრანგეთის, ავსტრია-უნგრეთის, ჰოლანდიისა და პრუსიის პირველი პირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზეიმი ერთი კვირა გაგრძელდა, რაც ეგვიპტის ხედივს 28 მლნ ფრანკი ოქრო დაუჯდა. საზეიმო გეგმის ერთადერთი ნაწილი, რომელიც არ შესრულდა, ჯუზეპე ვერდის ოპერა “აიდას” პრემიერა იყო, რადგან კომპოზიტორს ის ხედივის დაკვეთით სპეციალურად სუეცის არხის გახსნისთვის უნდა დაეწერა, მაგრამ ვერ მოასწრო. “აიდას” პრემიერა კაიროში მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1871 წლის შობის დღეს შედგა.

sueci2-1714242954.jfif

ცვლილებები აქციონერებს შორის

მალე გაირკვა, რომ ისმაილ ფაშა მეტად უყაირათოდ მეფობდა და ხაზინაში საკმარისი ფული აღარ დარჩა, ამიტომ 1875 წელს ხედივმა ლესეპსის კომპანიაში ეგვიპტური წილი ბრიტანეთის მთავრობას მიჰყიდა. ასე გახდა არხი ინგლისურ-ფრანგული, ხოლო 1882 წელს ინგლისმა ეგვიპტის ოკუპაცია მოახდინა და, ფაქტობრივად, არხის ერთადერთი ადმინისტრატორი გახდა. ეგვიპტის წარმომადგენლები კომპანიის ადმინისტრაციულ საბჭოში მხოლოდ 1937 წელს შეიყვანეს.

19 წლის შემდეგ, 1956 წელს არხი ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მიერ იქნა ნაციონალიზებული, რამაც ინგლის-საფრანგეთის სამხედრო შეჭრა გამოიწვია. შედეგად სუეცის არხში 47 გემი ჩაძირეს, რომ ის გაუვალი ყოფილიყო. არხში ნაოსნობა მხოლოდ 1957 წელს აღდგა. შემდეგი იძულებითი პაუზა არხის მუშაობაში 1967 წელს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის ექვსდღიანი ომის დროს დადგა. ამჯერად ნაოსნობა რვა წლის განმავლობაში, 1975 წლის ივნისამდე იყო გაჩერებული. მაშინ ამერიკელმა და საბჭოთა მეზღვაურებმა არხისა და მისი მისადგომების საბოლოო განაღმვა მოახერხეს.

სუეცი დღეს

2008 წელს არხზე 21,170-მა გემმა გაიარა. 2010 წელს მან ეგვიპტეს 4,5 მლრდ დოლარი მოუტანა. “დუბლერის” აშენებამდე არხზე დღეში ორმოცდაათამდე გემი გადიოდა. მის სრულ გავლას, დაახლოებით, 14 საათი სჭირდება.

არხის აფრიკული და აზიური სანაპიროები ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება, რომელიც სუეცთან ახლოს 1981 წელს აშენდა. ასევე, სანაპიროებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებია. ეს უკანასკნელი პორტ-საიდში 2001 წელს აშენდა. ხიდის სიმაღლე, დაახლოებით, 70 მ-ია, რაც მეტად დიდი ტანკერების, მშრალი ტვირთისა და საკონტეინერო გემების გავლის საშუალებას იძლევა. 2015 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფატაჰ ას-სისიმ სუეცის არხის “დუბლერი” გახსნა, რომელიც ტრაფიკის მოცულობისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით აშენდა.

დღეს სუეცის არხი აზიასა და ევროპას შორის უმოკლესი საზღვაო გზაა, ხოლო ეგვიპტის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შედინების ძირითადი წყაროა. 2023 წელს გემების გავლის საფასურიდან ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალმა 10,25 მლრდ დოლარი შეადგინა.

თუმცა რეგიონული დაძაბულობის გამო არხი მორიგი “დაპაუზების” რისკის ქვეშაა: ვითარება გასული წლის ბოლოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანის მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ კომერციულ გემებზე იერიში მიიტანეს. შედეგად გადამზიდავმა კომპანიებმა ცურვა შეაჩერეს ან მარშრუტები აფრიკის სამხრეთით მდებარე “კეთილი იმედის კონცხამდე” გადაიტანეს, რამაც წითელი ზღვაში საზღვაო ტრანსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წითელი ზღვის გავლით საკონტეინერო გემების ტრანზიტი განახევრდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავი გემების ტრანზიტი საერთოდ შეჩერდა.

რაც შეეხება ეგვიპტის შემოსავალს, თუ 2023 წლის მხოლოდ იანვარში სუეცის არხზე გემების გავლის საფასურიდან მიღებულმა თანხამ 804 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარში ის 428 მლნ დოლარამდე განახევრდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ