განვიხილავთ, რომ კადრები უცხო ქვეყნიდან შემოვიყვანოთ - ჰოტელიერი

ტურიზმისა და გასტრონომიის სფეროში სასტუმროებში დასაქმებულთა ხელფასები, 2019 წელთან შედარებით, 150%-ზე მეტით არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, ხელფასების ზრდის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე კვლავაც კადრების დეფიციტია. კადრების სიმცირე გამოიწვია იმან, რომ პანდემიის პერიოდში ტურიზმისა და გასტრონომიის სფეროში კარგად გადამზადებული კადრების დიდმა ნაწილმა ან ქვეყანა დატოვა, ან მიმართულება შეიცვალა.

„თუ შევადარებთ 2019 წლის მაჩვენებელს, 150%-ზე მეტით არის გაზრდილი სახელფასო ფონდი. გამოწვევაა ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, უკვე კარგად გადამზადებული ტურიზმისა თუ გასტრონომიის სფეროში, გავიდა ქვეყნიდან ან შეიცვალა მიმართულება, ამიტომ დეფიციტი დიდია კადრების“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

ჰოტელიერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კერძოს სექტორის ნაწილი უკვე განიხილავს იმას, რომ კადრები უცხოეთიდან შემოიყვანონ და დაასაქმონ თუნდაც დაბალ პოზიციებზე, რადგან ადგილობრივ ბაზარზე პერსონალის მოძიება გართულდა.

„ჩვენ გვიწევს ნაკლები ცოდნის და გამოცდილების მქონე კადრების აყვანა და გაძვირებული ხელფასების გადახდა, შემდეგ კი მათი შიდა დატრენინგება. გარკვეული ნაწილი კერძო სექტორის განვიხილავთ უკვე იმას, რომ კადრები უცხო ქვეყნიდან შემოვიყვანოთ და დავასაქმოთ, თუნდაც დაბალ პოზიციებზე, რადგან სტაფის მოძიება ძალიან გართულდა“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

მერი ტაბატაძე