„კონკურენტებს უკეთესი შეფუთვა და ხარისხი აქვთ“ - რა გამოწვევები აქვს ექსპორტზე ქართული წარმოების ხილ-ბოსტნეულს

მიმდინარე წელს, სეზონიდან გამომდინარე, საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი მცირეა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხილ-ბოსტნეულის მოსავალი შემცირდა. აღნიშნულის გამომწვევი მთავარი მიზეზი კლიმატური პირობები იყო.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს, გასულ წელს დაბალი იყო მოსავლის ხარისხი და მოცულობაც, მიუხედავად ამისა, წელს „ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოსავალი იყოს უკეთესი“.

„სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. მცირე, მაგრამ მაინც ზრდა იქნება ამ წელს. ამ ეტაპზე კარგი პირობებია და წესით კარგი მოსავალი უნდა იყოს. თუმცა ბუნებას ვერ გაუგებ წინასწარ, ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ქართული წარმოების ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზე გატანისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საექსპორტო ფასი, ასევე, ხარისხი და რაოდენობის სიმცირე. ქართულ პროდუქციას უცხოურ ბაზარზე უწევს მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა და მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„კონკურენტებს უკეთესი შეფუთვა და ხარისხი აქვთ, გემოვნებით ჩვენი ჯობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფასიდან, შეფუთვისა და ხარისხიდან გამომდინარე, გარკვეულ პოზიციებზე გვჯობნიან - მათი უკეთეს ფასად იყიდება. სამუშაო გვაქვს, რომ მაღალი სტანდარტით მოხდეს დამუშავება, ჩვენი პროდუქციის შეფუთვა და შესაბამის მიმართულებებზე გაშვება“, - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.

გარდა ამისა, კვლავ გამოწვევაა სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა. როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა, საკმარისი რაოდენობა მაინც არ არის.

„საჭიროა სოფლის მეურნეობის მთლიანი მოდერნიზება, სამუშაო გვაქვს განათლების კუთხითაც. აუცილებელია გვქონდეს შემნახველი საწყობები და გადამამუშავებელი მრეწველობაც, რადგან დაბალი ხარისხის პროდუქცია გადამუშავდეს. ეს დამატებით სტიმულს მისცემს ფერმერს და ეცოდინება, რომ ჩაუბარებელი და გასაყიდი არ ექნება პროდუქცია“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

მერი ტაბატაძე