„მძიმე დრო მოდის! დრო შესაძლებლობის, რომ დავძლიოთ მონობა და გავხდეთ ევროპული ერი“

ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ერთ-ერთი დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა პოლიტიკური პოზიციები. „ბიზნესპრესნიური“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მე პირადად მოვისმინე და გავიგე ასეთი გზავნილები:

- ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ უზენაესი (სინამდვილეში არის მთავრობა, რომელიც ჩვენი ფულით არის დაქირავებული და უნდა იყოს ჩვენი მსახური, მაგრამ მიითვისა სახელმწიფო).

- სამართალი არის რასაც ჩვენ ვიტყვით - არ ჭირდება ამას მტკიცებულება და ფაქტები. არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რასაც ჩვენ ვიტყვით უკვე დამტკიცებულია.

- ფაქტები და რეალობა არც არსებობს. სიმართლე ტყუილია, ტყუილი სიმართლეა.

(გლობალური ომის პარტია გვითრევდა ომში, ენჯეოები ორჯერ აწყობდნენ რევოლუციას, რუსთაველზე პროტესტით გამოსული ხალხი არ არსებობს, რუსეთი არ არსებობს...)

- ღირსება უღირსობაა და პირიქით, მონობა თავისუფლებაა და პირიქით, თეთრი ფული შავია და შავი ფული თეთრია, ჩვენი ტრადიციაა ავყიობა.

- ევროპა ჩვენს ღირსებას და ტრადიციებს და დამოუკიდებლობას ებრძვის - (ჩვენ კი არ გვინდა ევროპა ამის დასაცავად).

- გაუმარჯოს ბიძინას (კიმჩენინს, პუტინს) გაუმარჯოს პარტიას (ჩვენ)!

- ვინც ჩვენთან არ არის - (ჩვენ და ჩვენი აქტივისტების გარდა) კოლექტიური ნაცია და რადიკალური ოპოზიცია.

- არჩევნების მერე მოვაწყობთ მათ ტერორს (პოლიტიკურ და სამართლებრივ დასჯას).

- არასამთავრობოები ამ ქვეყნის მტრებია, დასავლეთის დაქირავებულები, ვინც მოქმედებს შავი ფულით - (არის ყველაზე გამჭვირვალე და ქმედითი სექტორი, შავი ფულის კანონი თვითონ მიიღეს, რუსეთიდან წამოღებული შავი ფულის გასათეთრებლად)

- და ა.შ.

ვხედავ, რომ ჩვენი ახლობლების ნაწილი, ზოგი თითქოს განათლებულიც, საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებიც, ამას ყველაფერს უერთდება და იზიარებს ამაზე პასუხისმგებლობას - რაც ძალიან მაღონებს.

მძიმე დრო მოდის! საინტერესო დრო გამოწვევების და ამავე დროს შესაძლებლობების! შესაძლებლობის, რომ დავძლიოთ მონობა და უღირსობა ჩვენს შორის, მოვიპოვოთ თავისუფლება, გავიზარდოთ და მართლა გავხდეთ ევროპული ერი და ქვეყანა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ყველაზე ღირსეულმა და თავისუფალმა ქართველმა გვითხრა - თუ თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, დაკარგავთ ამ თავისუფლებას თქვენც და ქვეყანაცო. სხვამ კი ასევე სწორად დაგვიბარა - დემოკრატია ლოიალობა ნუ გგონიათო. (ვიღაც მუდმივად მუშაობს ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ). ამ საქმეს დროშების ფრიალი და მიტინგი არ ყოფნის. საჭიროა ღრმა ფიქრი და მუშაობა, თითოეული ჩვენგანის მცირე ნაბიჯები.

ვინ უნდა გააკეთოს ეს? ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა!!

რატომ ვწერ ამას მე - იმიტომ, რომ ამ ყველას ერთი ნაწილი ვარ“, - წერს მურმან მარგველაშვილი.

მერი ტაბატაძე