რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ „სურსათის ბანკის“ მიწოდების ჯაჭვში ავტორიზაციისთვის

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი 2024 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. კერძოდ, საუბარია სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირების რეესტრში შეტანაზე და სურსათის საქველმოწმედო საქმიანობის დაშვებაზე.

ამასთანავე, განისაზღვრება პროცესში მონაწილე პირთა „სურსათის ბანკში“ ავტორიზაციის წესი. დადგენილებითვე დარეგულირდება „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ნორმატიული აქტები. სურსათის შეწირულობის საქმიანობაში ავტორიზაციის პროცესი განხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ.

დადგენილების მიხედვით, ავტორიზაცია შეიძლება გაიცეს ფიზიკურ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ ან ნეწარმე სუბიექტსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებულ ფილიალზე.

ვის ექნება ავტორიზაციის ვალდებულება?

  • ა) სურსათის შეწირულობის სახით გამცემ პირზე;
  • ბ) შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციაზე/სურსათის ბანკზე.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის მაძიებელი (განაცხადის შემტანი ფიზიკური ან იურიდიული პირი)?

  • ავტორიზაციის მაძიებელი, როგორც ბიზნესოპერატორი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • ავტორიზაციის მაძიებელს, თუ ის წარმოადგენს შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს, მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი;
  • ავტორიზაციის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • ავტორიზაციის მაძიებელი უნდა იყოს აღიარებული ბიზნესოპერატორად.

გარდა ამისა, სურსათის ბანკს დანერგილი უნდა ჰქონდეს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები; საკუთრებაში ან იჯარით უნდა ჰქონდეს აღებული სათავს(ებ)ი სურსათით საქველმოქმედო საქმიანობისათვის; დანერგილი უნდა ჰქონდეს ანგარიშგების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, განახორციელოს შეწირული სურსათის, მისი შენახვისა და განაწილების სახელმწიფო კონტროლი; შემუშავებული და დამტკიცებული უნდა ჰქონდეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; და სურსათის მიმღებმა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციამ/სურსათის ბანკმა შეწირული სურსათის ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მერი ტაბატაძე