„ერთ-ერთ ყველაზე რთული ვალდებულებაა, პირდაპირ უკავშირდება ბიზნესმენებს - 2024 წელს არის ბოლო ვადა“

“ასოცირების შეთანხმების ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა შემოვიღოთ ახალი სტანდარტები, სამშენებლო ნორმები. 2024 წელს არის ბოლო ვადა, ასევე სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით და ასეთ ობიექტებთან მიმართებით, ძალიან რთული სტანდარტებია ევროკავშირის“,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ დასახლებულ ადგილებთან მდებარე საწარმოებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული კანონმდებლობით, საწარმოებთან მიმართებით არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც ნარჩენების და ჰაერის დაბინძურების პრევენციას გულისხმობს, თუმცა აღნიშნულ რეგულაციას ყველა ობიექტი არ ექვემდებარება.

„სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არის ძალიან უცნაური, რაღაც მომენტში. ჩვენ მივიღეთ წინა ხელისუფლების დროს კანონი, რომლითაც 36 სტანდარტი მოქმედებს საქართველოში. მანამდე იყო საბჭოთა კანონმდებლობა, ასეთი ტიპის ობიექტების განლაგებასთან დაკავშირებით. ასოცირების შეთანხმების ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა შემოვიღოთ ახალი სტანდარტები, სამშენებლო ნორმები. 2024 წელს არის ბოლო ვადა, როცა უნდა შემოვიღოთ ახალი სტანდარტები, ასევე სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით და ასეთ ობიექტებთან მიმართებით, ძალიან რთული სტანდარტებია ევროკავშირის. სამწუხაროდ, ეს სტანდარტები ძალაში შესული არ არის, როდის შევა, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი ყველაზე რთული ვალდებულებაა, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ბიზნესმენებს, რომლებიც ცდილობენ, რომ რამენაირად თავი აირიდონ.

მეტსაც გეტყვით, 2023 წელს ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი მწარმოებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მათ დაევალათ, რომ საუკეთესო სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნოლოგიები უნდა შემოიღონ გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებით, იგივე ფილტრებთან მიმართებით, ჯერჯერობით, ეს კანონი ნაწილობრივ არის ამოქმედებული. ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ნალექის დაბინძურებასთან დაკავშირებით კი არის გაკეთებული პირველი შეფასებები სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ ორი ტიპის დაბინძურება გვაქვს, ერთი არის საწარმო ნაგებობებიდან, მეორე არის საწვავიდან, ტრანსპორტის მოძრაობიდან გამომდინარე, რომელიც მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ გვაყენებს, განსაკუთრებით მყარი ნაწილაკების ნაწილში, იგივე ცემენტის ქარხანასთან მიმართებით, ბოლომდე ფილტრები ვერ აკმაყოფილებენ ამ დანიშნულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საწარმოს უნდა ჰქონდეს. აქ არის ერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა განსაზღვრავს პირველ და მეორე დანართს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას და მეორე დანართის მიხედვით, ზოგიერთი საწამო არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას იმიტომ, რომ მისი წარმადობა არის უფრო ნაკლები. ანუ მეორე დანართი მხოლოდ წარმადობის მიხედვით არის გაკეთებული. ევროდირექტივით არ აქვს მნიშვნელობა წარმადობას, ყველა საწარმო ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა კანონმდებლობაში“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ნინი ქეთელაური