„რუსული კანონი“ ოფშორებიდან გაურკვეველი ფულის საქართველოში შემოტანის გადაფარვისთვისაა“

„რუსული კანონი“ არის შემოტანილი იმისთვის, რომ გადაფაროს ოფშორებთან დაკავშირებული კანონის პრობლემა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე, საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

კანონის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან.

როგორც გაბრიჩიძე აღნიშნავს, ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაბრუნებულია იმისთვის, რომ გადაიფაროს ოფშორებიდან გაურკვეველი ფულის შემოტანის საკითხი.

„ეს არ არის მთავარი აქ, „რუსული კანონი“ არის შემოტანილი იმისთვის, რომ გადაფაროს ოფშორებთან დაკავშირებული კანონის პრობლემა. ეს არის მთავარი მიზეზი „რუსული კანონის“ შემოტანის, ამას ვერ აცნობიერებს ხალხი. ეს კანონი ჩვენთვის არ არის კარგი და ამას მთელი მსოფლიო გვეუბნება. რატომ ვიღებთ ან კანონს ახლა, პედალირებას ვუკეთებთ და ვატრიალებთ, იმიტომ, რომ ხალხმა არ დაინახოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაურკვეველი ფულის საქართველოში შემოტანის გაყვანა ამ კანონით. ამის გადასაფარად არის ეს ყველაფერი, რათა იქით არ გაახედოს ხალხმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. დღეს, 30 აპრილს, პარლამენტთან კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია ჩაინიშნა. აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

მერი ტაბატაძე