"რა გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, როცა ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა, ინსტიტუციები ერთ კაცს აქვს მისაკუთრებული"

"დღეს მთავრობის პოზიცია მოგწონდეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მასთან ასოცირდები და ხარ მისი თანადამფინანსებელი, მათ შორის, იმ დარბევებისაც, რომელსაც ისინი დღეს ჩვენი შვილების წინააღმდეგ ჩადიან",- ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

აღნიშნულით ის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ პროექტის განხილვები ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. თუმცა, ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა მთავრობის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელა.

"წინასწარ გიხდით ბოდიშს, ამ ბოლო დროს ესე ხშირად რომ გაწუხებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ამაზე ვისაუბრო. ჩემი პირველი პოსტი 10 დღის წინ დავწერე, მეორე 3 დღის წინ, სადაც ვთხოვე ბიზნესს, რომ სიჩუმე დაერღვიათ და თავისი პოზიცია გამოეხატათ მიმდინარე მოვლენებზე. და რა მოხდა, რამდენიმე ბიზნესმა შეფასებაში მთავრობის არსებულ კურსს დაუჭირა მხარი და აღნიშნეს, რომ ეკონომიკა ყვავის, ასევე რომ ის რუსული კანონი, რომელსაც ეს მთავრობა ცდილობს მიიღოს, გამჭვირვალობას მოემსახურება.

რა გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, როცა ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა,ინსტიტუციები ერთ კაცს აქვს მისაკუთრებული, რაც მთავარია, ამ განათლებულ ადამიანებს მჯერათ, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი წაკითხული უნდა ჰქონდეთ.

და, რა წერია საინტერესო ამ მუხლში, წერია ის, რომ მთელი ერი და ბერი თანხმდება, ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპა და ნატოა. ხოლო ეს მთავრობა ცდილობს, უგულებელყოს ჩვენი არჩევანი და რუსეთის გუბერნია გაგვხადოს, ჩვენ პარტნიორებს ევროპას და ამერიკას ომის ძალად მოიხსენიებენ, ქვეყნებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი დახარჯული თანხების 80% იძლევიან. რა მოხდება როცა მათ აგენტებს დაუძახებ?

დაფინანსებას ქვეყანას შეუწყვეტენ და ყველაფერი ხუხულასავით ჩამოგვეშლება.

ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესებზე, რომლებმაც ბიზნესის ანაბანა სწორედ ამ ქვეყნების დახმარებით ისწავლეს, დაფინანსებებიც მისგან წამოიღეს.

ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს მთავრობის პოზიცია მოგწონდეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მასთან ასოცირდები და ხარ მისი თანადამფინანსებელი, მათ შორის, იმ დარბევებისაც, რომელსაც ისინი დღეს ჩვენი შვილების წინააღმდეგ ჩადიან.

ერთ-ერთი ბიზნესმენის ინტერვიუში, ბატონ დაუშვილზე ვსაუბრობ, სიტყვა "ცეხავიკობა" ახსენა და დავეთანხმები, რომ "ცეხავიკი" არის ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც სულიან-ხორციანად მთავრობასთან არის შეზრდილი.

ეს სიტყვა კომუნისტების პერიოდიდან მოდის და იმ დროს ადამიანებს, ვინც ბიზნესს აკეთებდა "ცეხავიკებს" ეძახდნენ, იმიტომ, რომ თუ მთავრობასთან არ იყავი შეკრული, კომუნისტურ წყობაში წარმოუდგენელი იყო რამის კეთება.

ახლა რაც შემეხება მე, ჩემი კომპანია 30 წლის ისტორიას მოიცავს და წარმატების ფორმულა იყო ის, რომ არცერთი მთავრობის ნაწილი არ ვყოფილვარ და ჩემი სუფთა ხელებით შევქმენი ყველაფერი, ამიტომაც ვარ ამაყი და თავისუფალი.

ცხოვრებაში არავის ვალი არასდროს მქონია, გარდა ჩემი ოჯახისა და სამშობლოსი. რატომ მათი - ოჯახმა სწორად გამზარდა და სამშობლომ მომცა საშუალება, წარმატებული ვყოფილიყავი. ვალებს დაბრუნება სჭირდება, ამბობენ ოჯახის ვალს ვერასდროს ვერ გადაიხდიო, რაც შეეხება სამშობლოს ვალი, ეს ჩვენი მომავალი თაობის წინაშე ვალია, დავუტოვოთ თავისუფალი, წარმატებული და პერსპექტიული ქვეყანა, რომლისთვისაც დღეს თვითონ უწევთ ბრძოლა.

და ბოლოს, სულ მეკითხებიან არ გეშინიაო ამაზე ხმამაღლა რომ საუბრობო. რა თქმა უნდა, მეშინია, მაგრამ არა ხმამაღლა საუბრის, არამედ მეშინია თავისუფლების დაკარგვის. ამიტომ ვიბრძოლებ ბოლომდე მის შესანარჩუნებლად",- წერს კახა ხაზარაძე.

ნინი ქეთელაური