პროდუქტი, რომლის ფასიც მსოფლიოში რეკორდულად გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ფასის ფეთქებადი ზრდა დაფიქსირდა. საუბარია ჯანჯაფილზე, რომელიც ერთ დროს ეგზოტიკური და ახლა კი, უკვე ტრადიციული პროდუქტია. როგორც east fruit-ი წერს, აღნიშნულმა ფაქტმა ჯანჯაფილზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რეგიონში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯანჯაფილი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიასა და საცხობ ინდუსტრიაში.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანჯაფილის ფასის ზრდა, ჩინეთსა და ინდოეთში დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. შედეგად, აზიაში პროდუქტის მარაგები შემცირდა, ახალი მოსავალი კი 6 თვის შემდეგ იქნება.

ამ ეტაპისთვის ჯანჯაფილის მოსავალი იმდენად მცირე და ძვირია, რომ ჩინელებსაც კი, ვისთვისაც ეს პროდუქტი ტრადიციულია, მისი მოხმარების შემცირება უწევთ.

EastFruit-ის მონაცემებით, ჩინეთი ყოველწლიურად 400-დან 500 ათას ტონამდე ახალი ჯანჯაფილის ექსპორტს ახორციელებს. ხოლო, ტაილანდი და ინდოეთი, რომლებიც უმსხვილესი ექსპორტიორების მსოფლიო რეიტინგში, მეორე და მესამე ადგილზე არიან, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებს ყიდიან უცხოურ ბაზრებზე. შედარებით მსხვილი ექსპორტიორები არიან პერუ, ნიგერია, ბრაზილია და ნეპალი.

ახალი ჯანჯაფილის ძირითადი იმპორტიორები არიან აშშ, ბანგლადეში, პაკისტანი, ნიდერლანდები, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და იაპონია. ამასთან, ნიდერლანდებში ჯანჯაფილის იმპორტი ძირითადად რეექსპორტისთვის ხდება. ევროპაში ჯანჯაფილის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანიაა, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 30 ათასი ტონა ახალი ჯანჯაფილი მოიხმარება. უკრაინა ამ პროდუქტის იმპორტის მოცულობით მსოფლიოში 50-ე ადგილზეა, მას ჯანჯაფილი ძირითადად ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და პერუდან შეაქვს.

ნინი ქეთელაური