მიხეილ ლომთაძემ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers-ის აქციების 90% იყიდა

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. კერძოდ, Feliciana EFL Ltd-მა მის მფლობელობაში არსებული აქციები მიხეილ ლომთაძის საკუთრებაში არსებულ კომპანია Blue Ocean Partners II Limited-ს გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბი ვებგვერდზე თავად ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვსა და დენ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

„დიდი პატივია, რომ მერგო შესაძლებლობა, კლუბი წინ წავწიო და Wycombe Wanderers-ის წარმატებული მომავლის ნაწილი ვიყო. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება კლუბის მუშაობის ახალ დონეზე გადასაყვანად. მე ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარების - ეს იქნება კლუბის ძირითადი ხედვა“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია. ის Bloomberg-ისა და fobres-ის მილიარდერთა სიაში გვხვდება.

ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 532-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.19 მლრდ დოლარის ქონებით 459-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება Wycombe Wanderers, ის 1887 წელს ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში დაარსდა. transfermarkt-ის მონაცემებით, კლუბის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 8.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

მერი ტაბატაძე